კვლევის თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის 15-მა კანდიდატმა, ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, იანვრის შემდეგ, ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა, მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით, 2020 წლის იანვრის შემდეგ, საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ს შეადგენს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ანგარიშშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს, 8 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა -დიმიტრი ძაგნიძემ, გიორგი ჩივიაშვილმა, გიორგი გელხაურმა და ბექა ბასილაიამ შესწირეს.

რაც შეეხება პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 29 კანდიდატიდან შვიდმა მათგანმა საპარლამენტო არჩევნებამდე, 2 თვის განმავლობაში, პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა.

ანგარიშის მიხედვით, ამ თანხიდან 185,000 ლარი ოთხმა კანდიდატმა- იოსებ შატბერაშვილმა, კახაბერ ძაგანიქმ, პაატა ჯიბლაძემ და არჩილ ბენიძემ ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.

„აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელთაგან სამზე უკვე დაასრულა წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე კი შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ორი საქმის შესწავლა კვლავ გრძელდება, მათ შორისაა შემთხვევა, რომლის შესწავლის მიზეზი გახდა საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიე“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ორ ნაწილად 24 და 31 აგვისტოს გამოქვეყნდა და მათში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა მოთხრობილი. აღნიშნულმა საქმემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილებები და კანონისმიერი ბერკეტები, რითაც შეძლებს მსგავსი შემთხვევების გამოძიებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა. პრამდენიმე დეპუტატმა ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა იგი ჯერჯერობით არ განხილულა”,- ნათქვამია კვლევაში.