საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვები 10,6%-ით შემცირდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიის პირობებში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ფართების მოცულობაც

მიმდინარე წელს გაცემულია 6975 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით ნაკლები) 3925,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30,2 პროცენტით ნაკლები).

,,საქატატის“ ცნობით ნებართვების 76,7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 52,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 10,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,8 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

თამარ მუკბანიანი