29 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ქ. ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ, ფოთის თიზ-ის საწარმოები დაათვალიერეს და მათ სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ სხვა სამთავრობო პირებთან ერთად სატესტო რეჟიმში მომუშავე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა, სადაც სხვადასხვა სახეობის თხილის დახარისხება/გამოშრობა/მოხალვა და დაფასოება ხორციელდება.
ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს შპს „დავრ ინთერნეიშენალ თრეიდინგ“-ის შესახებ, რომელმაც ფოთის თიზ- ში საწარმოს მშენებლობა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულა. პროექტის ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებამ შეადგინა 3,5 მლნ ლარი. ამჟამად საწარმო სრულად მუშაობს იმპორტირებულ ნედლეულზე, რომლის ძირითადი ნაწილი შემოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხოლო საბოლოო პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში (რუსეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი). მომავალში დაგეგმილია წარმადობის გაზრდა და ევროპის ქვეყნებში ექსპორტი; პირველ ეტაპზე საწარმოში დაგეგმილი იყო ყოველთიურად 125 ტონა თხილის გადამუშვება, თუმცა პანდემიიის შედეგად შეფერხდა, როგორც საწარმოს ოფიციალური გახსნა, ასევე მისი სრული დატვირთვით ამუშავებაც; საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 35 ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა გაიზრდება საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებისთანავე.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაათვალიერეს შპს „ჯორჯიან ტექნოლოჯი“-ს საწარმო, რომელშიც უახლოეს მომავალში ელექტრონული მიკროსქემების, ინტეგრირებული სისტემების და სხვა ელექტრონული პროდუქტების წარმოება დაიწყება, რომელთა ექსპორტი განხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და საუდის არაბეთში. საწარმოში დღეისათვის სრულად დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოები და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მონტაჟი. ამჟამად მიმდინარეობს კადრების შერჩევის და გადამზადების პროცესი. პირველ ეტაზე დაგეგმილია 20-მდე ადგილობრივის დასაქმება, რომელთა რაოდენობა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდგომ 100-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს.
ასევე დაათვალიერეს ფოთის თიზ-ში მიმდინარე ინფრასტუქტურული განვითარების პროექტი, კერძოდ 3000 კვ.მ ფართობის საწყობის მშენებლობის პროცესი, სადაც თითქმის დასრულებულია მიწის მოსამზადებელი სამუშაოები. საწყობის მშენებლობა დასრულდება 2021 წლის დასაწყისითვის, რომელიც განკუთვნილი იქნება მშრალი ტვირთების დასასაწყობებლად.
ფოთის თიზ-ის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის შესახებაც, რომელმაც მიიღო გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან. ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2020 წლის დეკემბრის თვეში. პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი, რომელთა რაოდენობა ეტაპობრივად 100 თანამშრომლამდე გაიზრდება. ქარხნის მშენებლობის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 10 მლნ ლარს.
(R)