საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ მეორე ტალღის პერიოდშიც.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღასაც ისე წარმატებულად გაუმკლავდეს, როგორც პირველს.
„ამ ბოლო დროს ჩვენთან ინიშნება საკმაოდ ფრთხილი, პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს, პირველი - გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობაში და მეორე, დასტაბილურებულ ახალ შემთხვევებში, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ტესტირების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, გუშინ ქვეყანაში იყო 11 ათასი ტესტი, გუშიწინ იყო 9 ათასი. ვმერყეობთ 8-დან 11 ათას ტესტს შორის ყოველდღიურად. ეს არ არის მთავრობის ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება. ეს ყველას საერთო დამსახურებაა. ჩვენმა მოქალაქეებმა დაიწყეს პირბადის ტარება, ეს არის უკიდეურესად მნიშვნელოვანი. პირდაპირი მიზან-შედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ვირუსის გავრცელებას შორის. ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისთვის, რომ ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩვენი თანამოქალაქეების, ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების წინაშე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავკეთოთ იმისთვის, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ახლა, მეორე ტალღის პერიოდშიც ჩვენს მოქალაქეებთან, ბიზნესთან, შესაბამის სამინისტროებთან, პოლიციასთან ერთად. ყველამ ერთად დავიცვათ მაქსიმალურად წესები და ეს არ არის რთული წესები, ჯერჯერობით, ეს არის პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უფრო ეფექტიანი გამოგონებული ვერ იქნა“,- განაცხადა გახარიამ.