ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში აისახება.
„პროგრამის ბიუჯეტის სავარაუდო მოცულობა ალბათ, 250-300 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგალითად, თუ თბილი ამინდები გაგრძელდა, შესაძლოა ნაკლები თანხა დაგვჭირდეს. თანხის ნაწილი მიმდინარე წელს იქნება ათვისებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება“,-აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ინფლაციის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინფლაცია ქვემოთ მოდის, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა და ამ მხრივ საფრთხე არ გვემუქრება.
ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება, რაც ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.