,,პანდემიამ ჩვენი წარმოება შეამცირა“  - როგორ ჩაიარა რთველმა რაჭაში

მცირე მეწარმეებმა რაჭაში ყურძნის შესყიდვები შეამცირეს, თუმცა ამით მევენახეებს პრობლემა არ შექმნიათ, რადგან დარჩენილი მოსავალი სახელმწიფომ იყიდა. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაჭული ღვინის კომპანია ,,ჭრებალოს“ დამფუძნებელი საუბრობს.

სოფო ლეკიშვილის თქმით, შემცირდა მათი წარმოებაც, თუმცა კომპანია წელს, საექსპორტოდ არა ტრადიციული ბაზრების ათვისებას გეგმავს და ღვინოს აშშ-ში, ინგლისში, ყაზახეთსა და უკრაინაში გაიტანს.

,,მევენახეებს პრობლემა არ შექმნიათ, რადგან მოსავალი, რომელიც ვერ ჩააბარეს, სახელმწიფომ შეისყიდა. მცირე კომპანიებს კი ჩემი ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ გაუჭირდათ. მათგან განსხვავებით, გლეხებს არ შექმნიათ პრობლემა.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მეღვინეობას, პანდემიამ, ჩვენი წარმოებაც შეამცირა. მარტის შემდეგ, გაყიდვები ნაკლები იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს ნაკლები ყურძენი შეგვესყიდა და გადაგვემუშავებინა.

ჩვენი ღვინო, ექსპორტზე პირველად გასულ წელს გავიტანეთ შედარებით მცირე რაოდენობით. წელს ახალი საექსპორტო ბაზრები გვექნება. მოლაპარაკებები უკვე ბოლო ეტაპზეა და ღვინო ყაზახეთში, ინგლისში, აშშ-ში და უკრაინაში გავყიდით. სრულად დაახლეობით, 15 000 ბოთლის ექსპორტს ვგეგმავთ. ჩვენი კომპანია, სულ 8 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ესენია : ბარაკონი, თეთრა, ალექსანდროული, ტვიში, უსახელოური, მუჯურეთული, ქვევრის ალექსანდროული და ჭაჭა, რომელსაც ,,რაჭაჭა“ ჰქვია.“,-უთხრა სოფო ლეკიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.

თამარ მუკბანიანი