„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - მიმდინარეობს „ბევრილი ჯგუფის“ შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც ნეგატიურად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მათი წევრი კომპანია „ბევრილი ჯგუფის“ შესახებ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება.

ასოციაციაში საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებენ, ფრთხილად მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ასოციაციის წევრი კომპანიის საქმიან რეპუტაციას .

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს. მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.

სამწუხაროდ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდია, მიმდინარეობს „ბევრილი ჯგუფის“ შესახებ გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, რაც, სრულიად ბუნებრივად ნეგატიურად აისახება კომპანიის საქმიან რეპუტაციაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საინფორმაციო საშუალებებს, ფრთხილად მოეკიდონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რამაც ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიის საქმიან რეპუტაციასთან ერთად, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კომპანიაში დასაქმებულ ასეულობით თანამშრომლის სამუშაო ადგილს, მით უფრო იმ დროს, როცა სახეზეა კოვიდპანდემიით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შოკი და ყოველი ბიზნეს ოპერატორი, ყოველი სამუშაო ადგილი მოითხოვს სათანადო გაფრთხილებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ბიზნეს ოპერატორზე მასალის მომზადებისას, ჟურნალისტები ერთი მხარის მიწოდებულ ინფორმაციას მეტი გულდასმით გადაამოწმებენ სხვა დამოუკიდებელ წყაროებთან და თავად ინფორმაციის ადრესატთან. ჩვენის მხრივ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ასოციაციის წევრი კომპანიასთან დაკავშირებით მივაწოდოთ საინფორმაციო საშუალებებს მეტი ობიექტური ინფორმაცია და ხელი შეუწყოთ მედიასთან ქართული ბიზნესის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“.