ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.
კერძოდ, საია-ში აღნიშნავენ, რომ ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.
„ამ ეტაპზე საია-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის: გარდაბნის #19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);
ზუგდიდის #65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს #23, თელავის #54 და მთაწმინდის #3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩვრებულია;
შუახევში #41 უბანზე წილის ყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომიის წევრების, აგრეთვე სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი).
მარნეულის #85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.
გარდა ამისა, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტოვიდეო გადაღების წესების დარღევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუში #17, ზუგდიდში #24 და ბათუმის #35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთანავე, ჩვენ ხელს არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება ხდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება.
საია-ს ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში. პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 1 ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:30 საათზე.
საია-ს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს”,-აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში