5 ცვლილება, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება ქვეყანაში

1-ლი ნოემბერს საქართველოს მოსახლეობას უკვე ეცოდინება თუ რა შემადგენლობის მე-10 მოწვევის პარლამენტი ეყოლება მომავალი 4 წლის განმავლობაში.

თუმცა, ამას გარდა ქვეყნის მასშტაბით 1-ელ ნოემბერს რამდენიმე ცვლილებაც ამოქმედდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა შეიცვლება ხვალიდან ქვეყანაში.

1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული რეისები კიდევ 10 მიმართულებით აღდგება

1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. კერძოდ, 1-ლი ნოემბრიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აღდგება შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.

ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.

ხვალიდან, 4 თვის განმავლობაში მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურებს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.

1-ლი ნოემბრიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შედის ძალაში

რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შემუშავდა. კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი - ნედლი რძისაგან არის დამზადებული. დოკუმენტის თანახმად, ეს წესი, 2020 წლის პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ხვალიდან თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაა დაანონსებული

ხვალიდან, 1-ლი ნოემბრიდან თეატრები, კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები უნდა გაიხსნას. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღნიშნული ობიექტების ნაწილი 15 სექტემბრიდან, ნაწილი კი 1-ლი ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ამ ობიექტების გახსნა 1 თვით - 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო. შესაბამისად, თუ მთავრობა კიდევ არ გადაავადებს ამ გადაწყვეტილებას, ამ ობიექტებს უკვე ხვალიდან შეეძლებათ ამოქმედება.

მთავრობის მიერ ბიზნესისთვის ამოქმედებული შეღავათების ვადა ხვალ იწურება

მთავრობის მიერ ბიზნესისთვის ამოქმედებული შეღავათების ვადა ხვალ იწურება. კორონა ვირუსის გამო მთავრობამ, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადა. საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ. შესაბამისად, არსებული მონაცემებით, კერძო სექტორს უკვე ხვალიდან ამ გადასახადების გადახდა მოუწევს.

ამასთან, მართალია ხვალიდან არა, თუმცა, მიმდინარე თვეში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა თბილისში. კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა უკვე 20 ნოემბრიდან ვაკის 31 ქუჩაზეც ამოქმედდება. ეს ქუჩები იხილეთ ბმულზე - ქუჩები ვაკეში, სადაც 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

თაია არდოტელი