აქტიური წინასაარჩევნო პერიოდის პარალელურად, საქართველოს ეკონომიკა პანდემიისგან მიყენებული ზარალის აღდგენას ცდილობს, ათასობით ადამიანი სამუშაო ადგილების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსები გვპირდებიან, რომ აღნიშნული ვითარება შეიცვლება და ქვეყანა სწრაფი ტემპით განვითარდება.
მათ შორის არის გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, რომელსაც დაპირებებს შორის 300 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა აქვს. რა პრობლემები შეუქმნა საქართველოს ეკონომიკას პანდემიამ და როგორ აპირებს მათ გამოსწორებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ამის შესახებ ეკონომისტ ლევან ჭიჭინაძეს ვესაუბრეთ:
როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას COVID-19-ის პირობებში?
ზოგადად, როდესაც ეკონომიკაზე ვიწყებთ საუბარს, ჩვენ არ უნდა განვიხილოთ საქართველო გამოყოფილად, ცალკე, არამედ ჩვენ ის უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთიანი, მთლიანი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი. ჩვენ არ ვართ დახურული ეკონომიკა, ინტეგრირებული ვართ საერთაშორისო ფინანსებთან, დადებული გვაქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და გვაქვს მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობა როგორც მეზობლებთან, ასევე, დანარჩენ საზოგადოებასთან.
როდესაც „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, როდესაც მომსახურების სფერო და განსაკუთრებით ტურისტული, ახალი ნაკადებისთვის ემზადებოდა, მათ მობილიზებული ჰქონდათ გარკვეული თანხები იმისათვის, რომ განეახლებინათ თავიანთი სივრცეები და გაფართოებულიყვნენ. მთავრობის მიერ გამოცხადებულმა „ლოქდაუნმა“ და საზღვრების ჩაკეტვამ ხელი შეუშალა ამ სექტორის საქმიანობას და ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც დაგეგმილი შემოსავლები აღარ შემოდის.
სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის დაგეგმვა, ზუსტი პროგნოზები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სადამდე გვეყოფა ფინანსური რესურსი. გსმენიათ ბოლო პერიოდში, რომ დაიწყო რაღა ტიპის საინვესტიციო პროექტი, რომელიც საინტერესო შეიძლება გამხდარიყო? ეს ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია. როგორც კი პოლიტიკური მდგენელი შემოდის ეკონომიკაში, თქვენ უნდა ელოდოთ, რომ აუცილებლად მიიღებთ ეკონომიკურ პრობლემებს. ეკონომიკა და ფინანსები არის ისეთი სფერო, რომ პოლიტიკური, წინასაარჩევნო გაუაზრებელი გადაწყვეტილებები არანაირად არ უწყობს ხელს ქვეყანაში ფულის შემოდინებას.
ქართული ეკონომიკა დღეს არის შეკუმშული და ერთადერთი, რაც მას გახსნის, საერთაშორისო უცხოური ინვესტიციაა, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ფული აღარ გვყოფნის. გასულ წელს ინვესტიციებმა დაახლოებით ნახევარი მილიარდით მოიკლო, წელს უფრო მეტით არის შემცირებული, ეკონომიკური ზრდა კი -5,6%-ია, როდესაც ჩვენ ველოდებოდით, 5%-ს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიდეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ვთხოვოთ, რომ დაგვეხმარონ, თუმცა როგორ უნდა გვენდონ, როცა გარკვეული მოცულობის თანხები უკვე მოგვაწოდეს და COVID-19-ის მართვის პერიოდში კორუფციული გარიგებები დაფიქსირდა. თქვენ კიდევ ერთხელ ენდობოდით ასეთ პარტნიორს? - რა თქმა უნდა, არა!
როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურად უმკლავდება მთავრობა იმ ეკონომიკურ პრობლემებს, რაც „ლოქდაუნმა“ შექმნა?
ეკონომიკა შედგება უცხოური ინვესტიციებისგან და ქვეყნის შიგნით ამოღებული ფისკალური ეფექტისგან - გადასახადებისგან. სამწუხაროდ, ბიზნესი გაჩერებულია, „ლოქდაუნი“ ყველაფერს შეეხო, იქნება ეს საწვავის მოხმარება, მომსახურების სფერო, საბანკო სექტორს, ინვესტიციებს, უცხოურ კაპიტალს, რომელიც უნდა შემოეტანათ ჩვენს ვიზიტორებს.
დღეს ხალხი ქუჩაში რომ არ გამოდის და მანიფესტაციებს არ აწყობს, ეს იმის ბრალია, რომ ხალხს რეალურად, ცვლილებების იმედი აქვს. ეს არის ჩვენი კულტურული ფენომენი რომ ვითმენთ იმიტომ, რომ ველოდებით ცვლილებებს. „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევდი, ხელისუფლებაში დარჩეს, რადგან უცხოელი ინვესტორები მას ობიექტური მიზეზების გამო არ ენდობიან. ბოლო პერიოდის განმავლობაში, კონგრესმენებისა და სენატორების ანგარიშებს თუ დავაკვირდებით, იქ ხშირად არის მოხსენიებული ქვეყნიდან ინვესტორის გაქცევის საკითხი. როდესაც ინვესტორები უყურებენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დროს მოწვეული უცხოური კაპიტალი შეჩერდა და მათ პარტნიორებს საბანკო სექტორიდან სისხლის სამართლებრივი დევნა განუხორციელეს. ამ ყველაფერს ისინი ხედავენ და მიაჩნიათ, რომ თუ ადგილობრივ ბიზნესს შეიძლება ასე მოექცნენ, უცხოელი კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, ისინიც აღარ ანდობენ მთავრობას რამდენიმე მილიარდ დოლარს, რომ ჩვენი ეკონომიკა დააფინანსონ.
თქვენი პროგნოზით როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკური ზრდა მომავალი წლიდან?
ეკონომიკური ზრდა მიიღწევა მაშინ, როდესაც თქვენ ეკონომიკური აქტივობების საფუძვლებს ქმნით. როგორ შეიძლება, ცარიელ ადგილას აღადგინო ეკონომიკა? ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ინდუსტრიული ზონების მშენებლობა. ახლა, მომდევნო მთავრობამ უნდა გამოაცხადოს 6-თვიანი პერიოდი საკრედიტო ორგანიზაციებისთვის, რომ უძრავი ქონების გაყიდვა და ამოღება არ მოხდეს. იქ საუბარია პენსიონერებისთვის სესხების ჩამოწერაზეც. ჩვენ დათქმული თანხები გვაქვს, რომლითაც ეს უნდა მოხდეს.
მნიშვნელოვანია, ეკონომიკური ზრდისთვის მთავრობა წავიდეს და უცხოელ ინვესტორებს ელაპარაკოს. თუ შეიძლება, საქართველოში „პუმა“ და „ადიდასი“ იკერებოდეს, რატომ არ შეიძლება, რომ სხვა კომპანიებსაც შევთავაზოთ წარმოების საქართველლოში დაწყება?
ჩვენი მთავარი ამოცანაა ხალხის დასაქმება და ინვესტორებს სწორედ ამიტომ უნდა ვესაუბროთ.
ლარის გაუფასურება ყურადღების ცენტრში ძველებურად აქტიურად ვეღარ ექცევა, მაშინ, როცა 1 დოლარის ღირებულება 3 ლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა. აქვს თუ არა თქვენს პარტიას გაცვლითი კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებული ხედვა?
ეროვნული ბანკის მიერ ნახევარი მილიარდი დოლარის ინტერვენციაა გაკეთებული. 480 მილიონი იყო შემოტანილი, რომ ლარის კურსი დაეჭირათ, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღეს.
ლარის კურსს ვერ იჭერენ იმიტომ, რომ ყველა დიდი გარიგება უძრავი ქონებიდან დაწყებული კომერციულით დამთავრებული, დოლარშია გამოხატული. ქვეყანაში მოთხოვნა არის დოლარზე, რადგან ეკონომიკა ძალიან მყიფეა. შესაბამისად, ყველა ცდილობს, რომ მიერ მიღებული შემოსავალი იყოს მყარ ვალუტაში გამოხატული. სამწუხაროდ, ლარმა ნდობა დაკარგა. სწორედ ამიტომ, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. უნდა დავფიქრდეთ, რა პრობლემას ვწყვეტთ. პირველ რიგში, ყველაფერზე უნდა გაიხსნას დისკუსია, ჩვენ თუ ღია საზოგადოება ვართ და თავისუფალი დისკუსიის ფორმატს ვამკვიდრებთ, აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ იყიდება სახლები დოლარში? პასუხი მარტივია- ლარის მიმართ არ არის ნდობა. როდესაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემაზე არ საუბრობს, რეალურად კი ლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეს არის ნონსენსი.
ნდობის აღდგენას განაპირობებს მოქმედებები, რომელიც არის პროცესების ადეკვატური. მთავრობამ უნდა აღიაროს ეს პრობლემები და უნდა დაიწყოს მათი დაძლევა.