ევროპის კონტინენტი მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებად რეგიონს წარმოადგენს, სადაც უამრავი სხვადასხვა ერი და ხალხი ცხოვრობს, ასევე გამოირჩევა ბუნების საოცარი პეიზაჟებითა და კულტურული მრავალფეროვნებით.
2019 წელს კონტინენტს 538 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც მსოფლიოში განხორციელებული ტურისტული ვიზიტების ნახევარია. ევროპაში საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულებების გარდა არაერთი ნაკლებად ცნობილი, თუმცა გამორჩეული და ლამაზი ადგილია, რომლებზეც ბევრმა არაფერი იცის.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ევროპის 10 ულამაზეს კუნძულს, რომლებიც ტურისტებისთვის ღიაა და მათზე ბევრმა არაფერი იცის.
ელაფონისოსი, საბერძნეთი
ელაფონისოსი საბერძნეთის პატარა და ულამაზესი კუნძულია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძულს მწვანე ფერის წყალი და ქვიშიანი სანაპიროები გამოარჩევს.
ჰელიგოლანდი, გერმანია
ჰელიგოლანდის არქიპელაგი, რომელიც ჰელიგოლანდისა და გიუნის კუნძულებს აერთიანებს, ჩრდილოეთის ზღვაში მდებარეობს. კუნძული ისტორიულად დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა მოგვიანებით გერმანელებმა დაიკავეს. დღესდღეობით კუნძული საკმაოდ პოპულარულია და ქვეყნის არაერთი პორტიდან მასზე მოხვედრა ბორნითაა შესაძლებელი.
ჰერმი, გაერთიანებული სამეფო
კუნძული ჰერმი, რომელიც საფრანგეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის. კუნძული განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა. აქ ავტომობილებს თითქმის ვერ შეხვდებით.
მონტეკრისტო, იტალია
მონტეკრისტო იტალიის პატარა კუნძულია, სადაც მოხვედრა არც ისე მარტივია. კუნძულის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით აქ შესვლის უფლება წელიწადში მხოლოდ 1 000 ადამიანს აქვს. ამის გამო მსურველები კუნძულზე მოსახვედრად რამდენიმე წლით ადრე ეწერებიან.
კიჰნუ, ესტონეთი
კიჰნუ ესტონეთის კუნძულია, სადაც მოხვედრა ნავით ან ბორნით არის შესაძლებელი. კუნძულს ადგილობრივი მოსახლეობის კულტურა და თავისებურებები გამოარჩევს. საუკუნეთა განმავლობაში აქ მატრიარქალური წყობილება იყო. კუნძულის მკვიდრი მამაკაცები წლის უმეტეს ნაწილს ზღვაში ატარებდნენ, რა დროსაც ოჯახს ქალები უძღვებოდნენ.
კოლტური, დანია
კულტური ფარერის კუნძულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პატარაა. კუნძულზე სულ 2 ადამიანი და 60 ცხვარი ცხოვრობს. ბიორნ და ლუკკა პატურსენები აქ 1997 წლიდან ცხოვრობენ და წლის უმეტეს ნაწილს გარესამყაროსგან იზოლაციაში ატარებენ.
კრაპანი, ხორვატია
კრაპანი ხორვატიის სანაპიროსთან მდებარე პატარა კუნძულია. კუნძულის სანაპიროებთან ზღვის ღრუბელს მოიპოვებენ, რაც დროთა განმავლობაში მის სიმბოლოდაც იქცა. კუნძულზე რენესანსის პერიოდის ტაძარი და მუზეუმი მდებარეობს.
სენტ მიშელ მონტი, გაერთიანებული სამეფო
კუნძული სენტ მიშელ მონტი გაერთიანებული სამეფოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძულზე თავდაპირველად ციხესიმაგრე ბერებმა ააშენეს. დღესდღეობით მას საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს.
ტაბარკა, ესპანეთი
ტაბარკა ესპანეთის პატარა კუნძულია, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს. კუნძული რომაელების პერიოდიდან მოყოლებული არაერთმა დამპყრობელმა დაიკავა. დღესდღეობით ესპანეთის პორტებიდან კუნძულის მიმართულებით 1-დღიანი ტურები ეწყობა.
უოლსი, გაერთიანებული სამეფო
უოლსი შეტლანდის კუნძულების არქიპელაგს მიეკუთვნება. შუა საუკუნეებში კუნძულს ვიკინგები განაგებდნენ. ამასთან, კუნძულზე ცნობილი შოტლანდიელი მწერალი კრისტოფერ გრივი ცხოვრობდა.