ცენტრალურმა ბანკებმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს გაყიდვა დაიწყეს

ცენტრალური ბანკები წელს უფრო მეტ ოქროს ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ და ეს 2010 წლის შემდეგ პირველად ხდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ოქროს ფასი არნახულად მაღალია და ბანკები მისი გაყიდვით, დამატებით შემოსავალს ღებულობენ. მიღებულ თანხას კი ქვეყნები კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად იყენებენ.

ოქროს მსოფლიო საბჭოს ინფორმაციით, აგვისტოში ოქროს ფასმა რეკორდი რამდენჯერმე განაახლა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მასზე, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტზე, მსოფლიოში მოთხოვნა 1.131 ათას ტონამდე გაიზარდა. ამის შემდეგ, მესამე კვარტალში, ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს ჭარბი მარაგების გაყიდვა დაიწყეს. აღნიშნულ კვარტალში ოქროს გაყიდვებმა 12.1 ტონას მიაღწია, როცა შარშან მესამე კვარტალში, მათ მიერ შესყიდული ოქროს მოცულობამ 141.9 ტონა შეადგინა.

„ბლუმბერგი“ს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ოქრო უზბეკეთმა და თურქეთმა გაყიდეს. რუსეთიდან ექსპორტირებული ოქროს მოცულობამ 1.2 ტონას მიაღწია, რაც ბოლო 13 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს შესყიდვა წელს, აპრილში შეწყვიტა.

ცენტრალური ბანკების მიერ, დიდი ოდენობით ოქროს გაყიდვამ, ძვირფას მეტალზე მოთხოვნა შეამცირა, რასაც მასზე ფასის კლება მოჰყვა. კერძოდ, თუ აგვისტოში უნციის (31.10 გრამი) ფასი 2075 დოლარი იყო, ოქტომბრის ბოლოს 1866 დოლარამდე ჩამოვიდა. მესამე კვარტლის მონაცემებით, ოქროზე საშუალო წლიური მოთხოვნა 19 პროცენტით არის შემცირებული.

აგვისტოსთვის ოქროს გაყიდვებში უზბეკეთის ცენტრალური ბანკი ლიდერობდა, რომელსაც იანვრიდან 31.7 ტონა ოქრო ჰქონდა გაყიდული, რისი ჯამური ღირებულებაც 5.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა აგვისტოში შესყიდვები გაზარდა და მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. მის ანგარიშზე 194 ტონის შესყიდვაა (წლის დასაწყისიდან), რისი ღირებულებაც 12.9 მილიარდ დოლარს აღწევს. ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, თურქეთის ოქროს და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარი ოქროზე მოდის.

მაგრამ შემოდგომაზე თურქულ ლირას პრობლემები დაეწყო და მინიმუმები არაერთხელ განაახლა, რის საპასუხოდაც, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, რეზერვებიდან ოქროს და უცხოური ვალუტის გაყიდვა დაიწყო.

ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, ინვესტორები ძვირფასი მეტალის შესყიდვებს ზრდიან. მესამე კვარტალში მათ მიერ შეძენილი ზოდების ჯამურმა წონამ 222.1 ტონას მიაღწია, რაც წინა წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე 1.5-ჯერ მეტია. ყველაზე მეტი ოქრო დასავლეთის, ასევე თურქეთის და ჩინეთის ბაზრებზე იყიდება.