3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტიკურ კონკურეტებს შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ამერიკას ისტორიაში მსგავსი მასშტაბების წინასაარჩევნო ღონისძიებები არ ახსოვს. პოლარიზებულია საზოგადოებაც. სწორედ ამ არჩევნების შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლის განმავლობაში.
მილიარდერი და ბიზესმენი დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე მტკივნეული ცვლილებებით გამოირჩეოდა. მან შეცვალა ეკონომიკა, მიგრაციის საკითხი, შეიარაღება, თავდაცვა და ა.შ. გლობალური მასშტაბით, ამერიკის თითოეული საკითხის ცვლილება, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებას იწვევს. მოდით გადავხედოთ დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამ ოთხი წლის განმავლობაში.
აშშ-ის ეკონომიკური ზრდა და ვარდნა
2019 წლის ზაფხულში აშშ-ის ისტორიაში მშპ-ს ზრდის ყველაზე გრძელი ციკლი დაფიქსირდა. ზრდის ტენდენციამ 10 წელი გასტანა. ფინანსური აღდგენის ციკლი 2008 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დაიწყო. გასულ წელს უმუშევრობის დონე 50 წლის განმავლობაში პირველად, ყველაზე დაბალ ნიშნულზე 3,5%-ზე დაეცა, ხელფასების წლიური მაჩვენებელი 4%-ით გაიზარდა და საათში 28,54 დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ფინანსური მიღწევების რყევა COVID-19 პანდემიამ გამოიწვია. მეორე კვარტალში აშშ- ს ეკონომიკა 33%–ით დაეცა. თუმცა უკვე მესამე კვარტალში ზრდა იყო, თანაც ნახტომისებური და 30%-საც გადაააჭარბა.
2019 წელს აშშ-ს მშპ 2.2% -ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, შესაძლოა, 2020 წელს აშშ-ის მშპ 5.8% -ით შემცირდეს. ფონდის მონაცემებით 2021 წელს ამერიკის მშპ 3,8% –ით გაიზრდება, ხოლო გლობალური მშპ-ს აღდგენის ზრდა 5,2%-ს შეადგენს.
სავაჭრო ურთიერთობები
ტრამპის მიერ გატარებული სავაჭრო ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის ბოლოს აშშ-ის მთავარი სავაჭრო პარტნიორი მექსიკა გახდა (614 მილიარდი დოლარის ბრუნვით), შემდეგ მოდის კანადა (612 მილიარდი დოლარი), ხოლო ჩინეთმა მესამე ადგილი დაიკავა (558 მილიარდი დოლარი). აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ჩინეთმა შეერთებული შტატების მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის იმპორტის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომების შემოღების ფონზე დაკარგა. ვაშინგტონმა ასევე დააწესა სანქციები ჩინურ ფირმებზე, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანია ZTE-ს მიმართ. აღსაიშავია, რომ ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპაიებს უარი ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც უთხრა.
2010 წელს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომერციული ვაჭრობა 456 მილიარდი დოლარს შეადგენდა, 2018 წელს 660 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
2012-2017 წლებში აშშ – ს ექსპორტი ჩინეთში 25% –ით, ხოლო იმპორტი ჩინეთიდან - 27% –ით გაიზარდა.
2017-2019 წლებში აშშ-დან ექსპორტის მოცულობა ჩინეთში 18% -ით იმპორტი კი 10,5% -ით შემცირდა.
აშშ – ის სავაჭრო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს სავაჭრო დეფიციტი საქონელსა და მომსახურებაში 308 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ასევე შემცირდა პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ორივე მიმართულებით.
ტრამპი და თავდაცვა
ტრამპის ადმინისტრაციამ, ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა.
ობამას პრეზიდენტობამდე, 2007 წელს, პენტაგონის ბიუჯეტი ამ მიმართულებით 625 მილიარდი დოლარს შეადგენდა, 2008 წელს - 693 მილიარდი დოლარი გახდა.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით 2012 წლისთვის აშშ-ში თავდაცვის ბიუჯეტი 529 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, 2013 წელს - 527.5 მილიარდი დოლარი გახდა, 2014 წელს კი ბიუჯეტი კვლავ გაიზარდა და 560 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ზრდის ტენდეცია გაგრძელდა- 2017 წელს პენტაგონმა თავდაცვაში 606 მილიარდი დოლარი დახარჯა. 2020 წელს კი ხარჯების მოცულობამ 700 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
არც ერთი სამხედრო ოპერაცია
მიუხედავად ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებებისა, ტრამპის ადმიისტრაციას არც ერთი ახალი სამხედრო კამპანია არ დაუწყია.
ობამამ მისი პრეზიდენტობის პირობებში ავღანეთსა და ერაყში არსებულ სამხედრო ქმედებეში ამერიკის შეიარაღებული ძალების შეზღუდვა დაიწყო, თუმცა მან ნატოს პარტნიორ ქვეყნებს დაუჭირა მხარი და მონაწილეობა მიიღო სამხედრო ინტერვენციაში ლიბიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად (მონაწილეობდა მხოლოდ საჰაერო ძალები).
ტრამპმა არსებული პოლიტიკა განაგრძო, ავღანეთში აშშ-ს ოპერაციების შემცირება, შემდეგ კი სირიიდან სამხედროების გაყვანა დააპირა. საპრეზიდეტო ვადის ამოწურვის ბოლოს, მან კონტინგენტის ნაწილი გამოიყვანა სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის 2016 წლის მონაცემებთ, აშშ -ის ჯარისა და სამოქალაქო სპეციალისტების რაოდენობა უცხოეთში 268,4 ათასი ადამიანი იყო (აქედან რეგულარული ჯარი - 198,5 ათასი), 2020 წლის ივნისისთვის ეს მაჩვენებელი 224,4 ათასამდე შემცირდა.
კოსმოსური შეიარაღებული ძალები
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოსმოსური ძალები დააფუძნა. ეს არის ახალი ტიპის ჯარების შექმნის პირველი შემთხვევა 1947 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ში სამხედრო-საჰაერო ძალები დაფუძნდა. აქამდე კოსმოსური ჯარები სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედიოდა.
კოსმოსური ძალების მეთაურად გენერალი ჯონ რეიმონდი დაინიშნა. მის დაქვემდებარებაში 16 ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირია. კოსმოსური ძალების 2020 წლის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი 72,4 მილიონს ითხოვდა.
გავრცელებული იფორმაციით, კოსმოსური ძალები 6 ბაზაზე განთავსდება. ოთხი ბაზის ადგილმდებარეობა უკვე შერჩეულია: ორი ბაზა კოლორადოს შტატში, ერთი ალაბამაში და ერთი კალიფორნიაში.
მიგრაციის შემცირება, დეპორტაციის ზრდა
2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-ში არალეგალურ იმიგრაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოლებდა, რაც თავის მხრივ, სამუშაო ადგილების გამოთავისუფლებას გამოიწვევდა და ამეიკის მოქალაქეს ექნებოდა შესაძლებლობა, თავად დასაქმებულიყო. მაშინ მის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის უახლესი ინფორმაციით 2015 წელს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება 1,051 მილიონმა ემიგრანტმა მიიღო, 2016 წელს - 1,183 მილიონმა, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 1,127 მილიონამდე შემცირდა, 2018 წელს - 1,096 მილიონამდე.
არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის რაოდენობამ 2015 წელს 333 ათასს შეადგინა, 2016 წელს გახდა 340 ათასი, 2017 წელს (ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი) 295 ათასი, 2018 წელს 337 ათასი.
“აშშ აღიარებს ყველა ქვეყნის უფლებას, განახორციელონ საიმიგრაციო პოლიტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ასევე, ითხოვს, სხვა ქვეყნებისგან აღიარონ აშშ-ის უფლება, იგივე გააკეთოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გასვლა
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის საგარეო პოლიტიკასაც გადახედა. აშშ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან გავიდა. ტრამპის განცხადების თანახმად, აშშ რუსეთთან არსებულ ღია ცის ხელშეკრულებას ნოემბრის ბოლოს გააუქმებს. შეწყვეტილია ხელშეკრულება რუსეთთან შუალედური და მოკლევადიანი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ.
2017 წელს დატოვა იუნესკო. აშშ-მ ორგანიზაციის წევრობა შეწყვიტა და მხოლოდ სახელმწიფო მეთვალყურეს სტატუსი შეინარჩუნა.
“ვაშინგტონი აღარ გადაიხდის ორგანიზაციის საწევრო გადასახადს და და აღარ მიიღებს მონაწილეობას ორგანიზაციის პროფილური ორგანოს - მემკვიდრეობის კომიტეტის - მუშაობაში.“- აღნიშნულა განცხადებაში.
ამერიკა 2018 წელს გავიდან ირანის ბირთვული გარიგებიდან და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან. იმავე წელს ოფიციალურმა აშშ-მა განაცხადა, რომ (UNRWA) პალესტინაში ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსებას შეუჩერებს.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმო ჩინეთის „მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.
დაუმთავრებელი კედელი მექსიკის საზღვარზე
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე, წინა დღეს, ტრამპი მხარდაჭერებს დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან კედელს ააშენებს, რომლის სიგრძე დაახლოებით 1,6 ათასი კილომეტრი იქნება. ფინანსური უზრუნველყოფა მექსიკას უნდა გაეწია. პროექტის მიზანი იყო შეეჩერებინა მექსიკის მხრიდან აშშ-ში მიგრანტების უკონტროლო გადასვლა. ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, აშშ-ის ადმინისტრაციამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო.
ფინანსურმა საკითხმა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. ამის გამო ტრამპს მოუწია კედლის ასაშენებლად დაფინანსება სხვა სამთავრობო პროგრამებიდან შეეგროვებინა. დღეს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე კედელი 400 კმ-ზე მეტია. კედლის დასრულება ვერ ხერხდება, თუმცა 1,7 ათასი მილი სხვადასხვა ბარიერებით არის დაცული.
ზოგადად საზღვრის საერთო სიგრძე მექსიკასა და შეერთებულ შტატებს შორის 3,2 ათას კმ-ზე მეტია.
ცნობისათვის, საპრეზიდენტო არჩევნები ყოველთვის ტარდება სამშაბათს, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ. ამჯერად, 2020 წელს ეს დღე 3 ნოემბერია. თუმცა, გამარჯვებული ყოველთვის არ არის ის, ვინც ეროვნულ დონეზე ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს. აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება თითოეულ შტატში არჩეული წარმომადგენლებისაგან. კოლეგიაში ყოველ შტატს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი ჰყავს, რადგან ის დამოკიდებულია შტატების მოსახლეობის რაოდენობაზე.
კოლეგიაში 538 წევრია, შესაბამისად, გამარჯვებული ხდება ის, ვინც მოიპოვებს კოლეგიის წევრთა უმრავლესობის ხმებს, 270 ან მეტ ხმას.