“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის“ გამო, პარლამენტში ჯამში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს

“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს - ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს.

აქ ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლისა და ამ მაჩვენებლის ერთი მეოთხედის ჯამს არ უნდა აღემატებოდეს.

კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ეს ფორმულა კი იმას ნიშნავს, რომ თუკი არჩევნების საბოლოო შედეგით, “ქართული ოცნების“ 48.15% (61 პროპორციული მანდატი) არ შეიცვალა და ამავდროულად, სახელისუფლებო პარტიამ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, პარლამენტში 91-ის ნაცვლად, 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მანდატი მას პროპორციული საარჩევნო სიიდან ჩამოაკლდება.

რაც შეეხება ჩამოკლებულ მანდატს, მას სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი მიიღებს. ასეთი კი “ნაციონალური მოძრაობაა“.