მთავრობამ თეატრების და კინოთეატრების ამოქმედების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია.როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.
"ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება",- ნათქვამია განცხადებაში.