ახალი საკარანტინო ზომები, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დღეიდან ამოქმედდა, ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 19,3 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამის შესახებ გაზეთი Welt Am Sonntag-ი გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის DIW პროგნოზზე დაყრდნობით წერს.
ყველაზე მეტს 5,8 მილიარდს დაკარგავენ გასტრონომიულ სექტორში, რომლებიც მინიმუმ ერთი თვით დაიხურება. გართობის ინდუსტრია, სპორტი და კულტურის დაწესებულებები დაკარგავენ 2,1 მილიარდ ევროს. ვაჭრობის სექტორს წლის განმავლობაში მეორე ლოქდაუნი 1,3 მილიარდით დაარტყამს, სამრეწველო სექტორს 5,2 მილიარდით. ზარალს ელოდებიან მომსახურების სფეროსა და ლოჯისტიკის კომპანიებიც.
ამასთან, DIW-ი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს გერმანიის ეკონომიკა დაიწყებს აღდგენას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კორონავიუსის გავრცელების ტემპის შენელება.
გერმანიის ხელისუფლება აპირებს სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ნოემბრის განმავლობაში. კერძოდ, მცირე კომპანიები, რომელთა თანამშრომლების რაოდენობა 50-ს არ აღემატება, მიიღებენ სავაჭრო ბრუნვის 75%-ს, ხოლო მსხვილი კომპანიები 70%-ს. ამ მიზნით ხელისუფლება 10 მილიარდ ევროს გამოყოფს.
გერმანიაში 2 ნოემბრიდან ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა რეგიონების ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ მიაწოდა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნაწილობრივი კარანტინის პირობებში, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს გასტანს, დაიხურება რესტორნები და ბარები, გარდა გატანის მომსახურებისა, კვლავ გაუქმდება მსხვილი ღონისძიებები, შეზღუდვა დაწესდება ნაკლებად აუცილებელ მიმოსვლაზე, აიკრძალება სასტუმროებში ღამის გათენება, გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა, შესაძლებლობის შემთხვევაში ყველამ სახლიდან უნდა იმუშაოს. საჯაროდ შეხვედრებზეც წესდება შეზღუდვა და იკრძალება ორ ოჯახზე მეტის შეკრება, შეკრებილთა რიცხვი კი 10-ს არ უნდა აღემატებოდეს. იზღუდება გასართობი დაწესებულებების ფუნქციონირებაც, დაიკეტება თეატრები და კინოდარბაზები. დაიხურება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და საუნები.
რაც შეეხება სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ისინი ღია რჩება. კვლავ შესაძლებელი იქნება რელიგიური ღვთისმსახურებებისა და საპროტესტო აქციების გამართვა. მოხუცთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება მნახველების მიღება. ღია რჩება მაღაზიებიც.