თანაფარდობა არ იცვლება - რამდენი ექიმი და ექთანი ჰყავს საქართველოს

საქართველოში ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა ისევ არ იცვლება. კერძოდ, ექიმების რაოდენობა ექთნებისას თითქმის, ორჯერ (1,6-ჯერ) აღემატება. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ ექიმზე საშუალოდ, 4 ექთანი მოდის.

მართალია, საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში ექთნების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად მზარდი იყო ექიმების რაოდენობაც, შესაბამისად, არსებული თანაფარდობა არ შეცვლილა.

კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში ექიმების რაოდენობა 7,7 ათასით, დაახლოებით, 24%-ით გაიზარდა და 2019 წელს 32 ათასი შეადგინა (2014 წელს 24,3 ათასი იყო). ეს მაშინ, როცა ამავე საანგარიშო პერიოდში ექთნების ზრდის მაჩვენებელმა მხოლოდ, 13,7% შეადგინა.

რაც შეეხება ექიმებისა და ექთნების კონკრეტულ რაოდენობებს წლების მიხედვით, ასეთია:

ექიმების რაოდენობა

  • 2014 წელი - 24,3 ათასი
  • 2015 წელი - 22,9 ათასი
  • 2016 წელი - 26,6 ათასი
  • 2017 წელი - 27,4 ათასი
  • 2018 წელი - 31 ათასი
  • 2019 წელი - 32 ათასი

ექთნების რაოდენობა

  • 2014 წელი - 15,6 ათასი
  • 2015 წელი -16,4 ათასი
  • 2016 წელი - 17,6 ათასი
  • 2017 წელი - 18 ათასი
  • 2018 წელი - 18 ათასი
  • 2019 წელი - 20 ათასი

ნინი ქეთელაური