პოლიტიკური არასტაბილურობა და პანდემია - „ეკონომიკურად უფრო რთული 2021 წელი გველოდება“

არჩევენების შემდეგ პოლიტიკური არასტაბილურობა და გაურკვევლობა ეკონომიკურ ფონს უფრო მეტად დაამძიმებს. პანდემიასთან ერთად, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი აჩენს მოლოდინს, რომ 2021 წელი ბევრად მძიმე იქნება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი საუბრობს.

ხორგუაშვილის თქმით, იმას თუ რა გავლენა ექნება საარჩევნო პროცესს ეკონომიკაზე, აქციების მასშტაბურობაზე და ხანგრძილივობაზეა დამოკიდებული.

,,ყოველთვის, როცა არის პოლიტიკური არასტაბილურობა, ეს არის დამატებითი ნეგატიური ფაქტორი ეკონომიკისათვის. ახლა კი როცა ჯერ კიდევ საერთოდ არაფერია გარკვეული და პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადანაცვლებას ვხედავთ, ეს აისახება ყველაფერზე, მაგრამ რამე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, ჯერჯერობით ნაადრევი და მარჩიელობაა. ზოგადად კი იმას, თუ რა გავლენა ექნება საარჩევნო პროცესს ეკონომიკაზე, აქციების მასშტაბურობაზე და ხანგრძილივობაზეა დამოკიდებული“, -ამბობს ხორგუაშვილი.

ეკონომისტი თვლის, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ პასუხობს კოვიდ19-ის შედეგად დამდგარ გამოწვევებს, შედეგებს კი მოსახლეობა მომავალი წლიდან მეტად იგრძნობს.

,, სხვა ყველა ნეგატიური ფაქტორი რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან დიდია პანდემიის დარტყმა ეკონომიკაზე, რაც სავარაუდოდ კიდევ მეტად გაღრმავდება, რადგან განვითარებული ევროპული ქვეყნები ახალი ლოქდაუნის რეჟიმში არიან. მეტად სავარაუდოა, რომ შეზღუდვების დაწესება მოუწევს საქართველოსაც.

თითქოს იყო მოლოდინი, რომ მსოფლიო ბაზარზე ინვესტიციების მატება დაიწყებოდა შემოდგომიდან, რაც არ გამართლდა. კვლავ კლების შეუქცევადი ტენდენციაა, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც და ჩანს, რომ კლება გაგრძელდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკური ვარდნა, მყისიერად არ აისახება მოსახლეობაზე. მაგალითად, 2008 წლის კრიზისის ასახვა 2010 წელს იყო ყველაზე მწვავედ, ასე რომ, ახალ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის კლებას ციფრებში, მაგრამ როგორ შეუმცირდა მოსახლეობას შემოსავალი პანდემიის გამო და რა დარტყმა მიიღეს ოჯახებმა ამას, 2021 წლიდან დავინახავთ. ამიტომ ახლა მთავარია, საერთაშორისო ნასესხები რესურსი, რომელიც 8 მლრდს შეადგენს, განკარგული იყოს სწორად, რაც ჩემი შეფასებით აქამდე არ მომხდარა. ძირითადი ნაწილი უკვე დახარჯულია და ამიტომ, მოსალოდნელი შედეგები, როგორ და რა რესურსით გადაწყდება, ეს იქნება ცალკე პრობლემა. ამისათვის ხელისუფლებას მოუწევს აიღოს დამატებითი საგარეო ვალი, რომელიც იქნება გაცილებით ცუდი პირობებით, ვიდრე აქამდე აღებული და შიდა ვალი, რომელსაც ისედაც ძალიან მაღალი პროცენტი აქვს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლების დაგეგმილი 5% ზრდა თითქმის გამორიცხულია. პროგნოზებში არ არის გათვალისწინებული სომხეთ-აზერბაიჯანის ომით რა დარტყმას მიიღებს ქართული ეკონომიკა. ეს კი იქნება სერიოზული ფაქტორი. ასევე 2021 წლისათვის გაზაფხულიდან რატომღაც პანდემიის გაქრობის მოლოდინით აქვს დაგეგმილი მომავალი წელი მთავრობას, რაც ასევე ნაკლებ სავარაუდოა. შესაბამისად, ეკონომიკურად უფრო რთული 2021 წელი გველოდება, როცა კოლოსალური ვალის, 3.5 მლრდს გადახდა გვიწევს მომსახურეობისათვის“-თქვა ეკონომისტმა.

ეკონომისტის შეფასებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი სათანადოდ ვერ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც პანდემიის შედეგად გამოიკვეთა.

თამარ მუკბანიანი