იპოთეკური სესხების 50%-ზე მეტი სუბსიდირებულია - როგორი ტიპის ბინებზეა მოთხოვნა

„დღეს ყოველი მეორე იპოთეკური სესხი, რასაც ბანკები გასცემენ, სუბსიდირებულია, ანუ, 50%-ზე მეტი“, -ამის შესახებ ,,არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილია ზოგადად იპოთეკური სესხების მოცულობაც, რაც ბოლო 5-6 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„სუბსიდირების ფარგლებში რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის. არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მაგალითზე, არამედ, ზოგად სურათზეც შემიძლია გითხრათ. დღეს ყოველი მეორე იპოთეკური სესხი, რასაც ბანკები გასცემენ, სუბსიდირებით არის. ანუ, იპოთეკური სესხით ნაყიდი ბინების 50%-ზე მეტი სუბსიდირებულზე მოდის.

ამ მონაცემებს თუ შევხედავთ და თუნდაც, ბოლო 5-6 წელს თუ გადავხედავთ, ამხელა მაჩვენებელი არ ყოფილა არცერთ პერიოდში. ანუ დღეს გაყიდული ბინების 50%-ზე მეტი გადის იპოთეკური სესხით. ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. სექტემბრის მონაცემებით, რაც გავყიდეთ, ნახევარზე მეტი იყო სესხით გაყიდული და ბანკებსაც რომ ჰკითხოთ, ამ იპოთეკური სესხების უმრავლესობა გადის სუბსიდირებით“,-განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მისივე ინფორმციით, მომხმარებლების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ეკონომ და საშუალო კლასის ბინებზეა.

„იპოთეკური სესხების ფარგლებში ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პრემიუმ კლასზე არ არის მოთხოვნა. იმიტომ, რომ როგორც იცით, 200 000 ლარამდეა სუბსიდირება, შესაბამისად, ეს არის ის თანხა, რაც შეუძლია კლიენტს გამოიყენოს ბინის შესაძენად სესხით და თანამონაწილეობაც უნდა ჰქონდეს. ამ ლარს თუ გადავიყვანთ დოლარში არცთუ ისე დიდი თანხა გამოდის. ამიტომ, უფრო დიდი მოთხოვნაა ეკონომ კლასზე და შემდეც საშუალოზე“,- განაცხადა ბესო ორთოძემ.

როგორც „არსის“ გენერალური დირექტორი ამბობს, იპოთეკური სესხების ზრდის პარალელურად, ბინებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან შემცირდა.

„ვერ ვიტყვი, რომ უცხოელების მხრიდან მოთხოვნა განულებულია, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ზოგადად ძალიან შემცირებულია“,-აღნიშნა ბესო ორთოიძემ.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წლის მაისში წარადგინა. კომერციულმა ბანკებმა კი სახელმწიფო პროგრამით სესხების გაცემა ივლისიდან დაიწყეს.

პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

  • სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
  • სუბსიდიის ხანგრძლივობა სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
  • სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
  • სუბსიდირება ეხება მხოლოდ იმ იპოთეკურ სესხებს, რომლებიც პროგრამის ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაიცემა, თანაც მხოლოდ ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
  • ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

  • სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით;
  • გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
  • გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
  • გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
  • ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.
ნინი ქეთელაური