„ლარის კურსის გაუარესება გაგრძელდება“

ეროვნულმა ბანკმა გუშინ, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი - 60 მლნ დოლარი გაყიდა.

ჯამში, 2020 წლის განმავლობაში 13 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 709,650 მლნ დოლარი მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოხსნა. აქამდე მეტი მოცულობის დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 200 000 დოლარი გაიყიდა. თუმცა, მიუხედავად სებ-ის ინტერვენციებისა, დღეს 12:36 სთ-ზე „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 3.2762 ლარად ივაჭრება.

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ "ლარის კურსზე პესიმისტური მოლოდინი აქვს". მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ტენდენცია უარყოფითი მოლოდინის საბაბს ნამდვილად იძლევა. მისივე პროგნოზით, შესაძლებელია საშუალო პერიოდის განმავლობაში კურსი მოცემულ ნიშნულზე (1 დოლარი - 3,2,-3,3 ლარი) შენარჩუნდეს.

„სამწუხაროდ, მთავრობის პოზიტიურ მოლოდინს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების შესახებ არანაირი სტატისტიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი არ ამყარებს. დღეს არსებული ვითარების მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, გვაქვს მკვეთრად უარყოფითი ეკონომიკური ზრდა, რასაც ხაზს უსვამს ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი კლება. ამგვარი მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში მიმდინარე წლის ბოლოს იქმნება ინფლაციის ზრდის საფრთხე, რაც დამატებით გაართულებს მდგო­მარეობას.

„იმ მონეტარული პოლიტიკის უცვლელობით, რასაც ეროვნული ბანკი მიჰყვება, ლარის კურსი გაუფასურების ტენდენციით წავა. სავალუტო აუქციონებზე დოლარის რეზერვების გაყიდვა ქმნის ტალღებს, რადგან იმ ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობენ და ახერხებენ კიდეც მონაწილე სუბიექტები, რომლის ხორცშესხმა თითქოსდა ეროვნულ ბანკს სურს. თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკაში ასეთ ვითარებას "რაციონალური მოლოდინის თეორიას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ კერძო სუბიექტები გამოიცნობენ კურსის გამყარების პოლიტიკას (რეზერვის გაყიდვას) და ისინი ასიმეტრიულ, საპირისპირო ქმედებას იწყებენ. შესაბამისად, ეს პოლიტიკა ჩანაფიქრის საპირისპირო შედეგს იძლევა. ისმის კითხვა, რატომ იყენებს ყველაზე მეტად ამ პოლიტიკას ეროვნული ბანკი, მაშინ, როცა ის არაეფექტიანია? აქ ასევე არსებობის უფლება აქვს მოსაზრებას ელიტური გარიგებების შესახებ ბანკებსა და მარეგულირებელს, ანუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის.

ნიშანდობლივია, რომ ყოველი მსხვილი სავალუტო ინტერვენციისა და ბანკების მიერ დოლარის შესყიდვის შემდგომ, უცებ, 2-3 დღეში, ბანკებს უჩნდებათ ლარზე მოთხოვნა და ეროვნული ბანკიც არ აყოვნებს - ე.წ. ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად ის რამდენიმე ასეულმილიონიან დაფინანსებას აძლევს ბანკებს. რატომ არ უჩნდება სებ-ს კითხვა, იქნებ ლარზე მოთხოვნა პროვოცირებულია სწორედ დოლარის დიდი ოდენობით აუქციონის გზით ბაზარზე მიწოდებით? საუკეთესო შემთხვევაში, საქმე გვაქვს "ასიმეტრიული ინფორმაციის" სინდრომთან, როცა მარეგულირებელი სრულყოფილად არ ან ვერ ფლობს ინფორმაციას სარეგულირებელი ობიექტის შესახებ. ყოველივედან გამომდინარე, ლარის კურსზე პესიმისტური მოლოდინი მაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უცვლელობის გამო კურსის გაუარესება გაგრძელდება,“-განაცხადა გერლიანმა.

თაია არდოტელი