მაია ცქიტიშვილი - არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ „ლოქდაუნს“, წერტილოვან შეზღუდვებს ვაგრძელებთ

არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ „ლოქდაუნს“, წერტილოვან შეზღუდვებს ვაგრძელებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებიც წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.

„ჩვენ მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ეფექტურია და გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.