კორონავირუსის გამო მთავრობამ რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს:
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება ხვალიდან ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთი სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედებს.
რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. „თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნება. როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, დისტანციურად ისწავლიან თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.
„1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტრანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ მივიღეთ დღეს საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩნუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანაში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურად უფროს კლასებში და უმაღლესი დაწესებულებები და პროფსასწავლებლები ასევე აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღემდე ფუნქციონირებდნენ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტები აგრძელებენ სწავლას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც აქამდე იყო.