„ლარის გაუფასურება გამოწვეულია ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობის დარღვევით, ანუ რაც მეტია ბრუნვაში ლარი და ნაკლებია დოლარი, მით უფრო მაღალია კურსი“.
ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია აცხადებს.
„თანაფარდობას არღვევს, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი, რომელიც საჭიროზე მეტ ლარს უშვებს ბაზარზე, მეორე მხრივ კი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაბალია ეკონომიკური აქტივობა, ეს კი ქვეყანაში დოლარის შემოდინებას განაპირობებს.
ალოგიკურია, როცა ამდენ დოლარს ყიდი და კურსი მაინც არ მყარდება. მიზეზი მარტივია - კურსს განსაზღვრავს ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობა. სებ-ი დოლარს ყიდის და ამით ზრდის მის მასას, თუმცა პარალელურად - რაც ნაკლებად საჯაროვდება - ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ლარის მასასაც ზრდის, რამაც მიმდინარე პერიოდში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამდენად, თუ სებ-მა ლარის მასის ზრდა არ დაარეგულირა, რეზერვების გამოტანა და დოლარის გაყიდვა უშედეგო იქნება.
ლარის კურსის ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე გვაქვს წლის პიკური კურსი, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში, ლარი შედარებით მყარდება. ამის მიზეზი ის არის, რომ წლის დასაწყისში სებ-ი ლარის მასას ამცირებს და ხელს უწყობს კურსის გამყარებას, ხოლო მომდევნო კვარტალებში ლარის მასა პერიოდულად იზრდება, რაც ლარის კურსს აუფასურებს. ცხადია, თუ არ გაუმჯობესდა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც დამატებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დოლარის შემოდინებას, ლარის კურსის დინამიკა უარყოფითი იქნება,“-განაცხადა მაკალათიამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, მიმდინარე წელს ყველაზე მეტი - 60 მლნ დოლარი გაყიდა. ჯამში, 2020 წლის განმავლობაში 13 მარტიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 709,650 მლნ დოლარი მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოხსნა. ამაზე მეტი მოცულობის დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში 331 200 000 დოლარი გაიყიდა. თუმცა, მიუხედავად სებ-ის ინტერვენციებისა, დღეს 14:02 სთ-ზე „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 3.3100 ლარად ივაჭრება.