„ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“ – მაიკლ არმსტრონგის ბესტსელერი ქართულად გამოიცა

ადამიანური რესურსების მართვის სწორი პოლიტიკის შემუშავება, თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის წარმატებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა, თანამშრომლების გადამზადებასა და მათ განვითარებაზე ზრუნვა...

ეს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულთა მოვალეობების არასრული ჩამონათვალია. არმ-ის სფერო საქართველოში ჯერ ჩამოყალიბების ეტაპზეა. უფრო მეტიც, თანამშრომლებთან მუშაობის არაერთი ასპექტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ნორმადაა დამკვიდრებული, ჩვენში ჯერ ფეხმოკიდებულიც კი არ გახლავთ.

სანდო ინფორმაცია, პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული ცოდნა და რჩევები ამ დარგის სპეციალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ მრავალწლიან გამოცდილებას ეფუძნება მაიკლ არმსტრონგისა და სტივენ ტეილორის „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“ – მსოფლიო ბესტსელერი, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

ვისთვის არის საინტერესო „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“?

საგანგებოდაა აღსანიშნავი, რომ ეს გახლავთ ყველა თვალსაზრისით უნივერსალური სახელმძღვანელო, რადგან განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა თუ ამ სფეროს ლექტორებისთვის.

აღნიშნული სახელმძღვანელო, როგორც კონკრეტული მაგალითებით გამდიდრებული თეორიული გზამკვლევი, პირველ ყოვლისა, არმ-ს სფეროში დასაქმებულებს გაუწევს დახმარებას. არმ-ის ევოლუცია, პრინციპები, თეორიები, კვლევები, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში დამკვიდრებული სტანდარტები და თანამედროვე მეთოდები – ამ ყველაფერს წიგნის ავტორებმა თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე მოუყარეს თავი.

პრაქტიკული სახელმძღვანელო ასევე საინტერესო და საჭირო გზამკვლევია მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. სახელმძღვანელო მათ დაანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია არმ ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში. ნაშრომი იკვლევს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს, რომელსაც არმ-ი ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში ასრულებს.

ცოტა რამ „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს“ ავტორთა შესახებ

მაიკლ არმსტრონგი პერსონალისა და განვითარების ჩარტერული ინსტიტუტის (CIPD) ყოფილი მთავარი ექსპერტი, e-reward-ის თანამმართველი პარტნიორი და მართვის დამოუკიდებელი კონსულტანტია. ის არ-ის თემებზე დაწერილი და გამომცემლობა Kogan Page-ის მიერ გამოცემული რამდენიმე ბესტსელერის ავტორია.

სტივენ ტეილორი ექსეტერის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ადამიანური რესურსების მართვის უფროსი მასწავლებელი და CIPD-ის მთავარი ექსპერტია. აკადემიური კარიერის დაწყებამდე სასტუმრო ბიზნესში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობასა და NHS-ში (ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მუშაობდა.

ავტორთა დიდი გამოცდილება უკვე მეტყველებს წიგნის შინაარსობრივ სიმდიდრეზე. აღსანიშნავია, რომ „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“ უკვე 14 რედაქციას ითვლის. იგი პირველად 1977 წელს გამოიცა და ამ დროიდან დღემდე რჩება არმ-ის უმთავრეს სახელმძღვანელოდ, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი წარმატებული სპეციალისტის სამაგიდო წიგნი გახდა.

რა თემებს აერთიანებს „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო“?

არ მოიძებნება არმ-ის სფეროსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ამ წიგნში არა მხოლოდ ასახული, არამედ წვრილმანებამდე ახსნილ-განხილული რომ არ იყოს – თანამშრომელთა ურთიერთობებით დაწყებული, საქმიანობის ეფექტიანობით, გასამრჯელოს სისტემის ნიუანსებითა თუ სწავლა-განვითარებისა და ტალანტების მართვით დასრულებული.

საინტერესოა სახელმძღვანელოს აგების სტრუქტურული პრინციპიც – ყოველი შემდეგი თავი წინა თავში მიღებულ ცოდნას ეფუძნება, რის შედეგადაც მკითხველს საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი ცოდნის მიღება უადვილდება. რაც მთავარია, ყოველი თეორიული საკითხი გამყარებულია კონკრეტული მაგალითებით მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან, რომლებიც ნათელყოფს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ბიზნესსუბიექტმა წარმატებას ადამიანური რესურსების მართვის სწორი პოლიტიკის შედეგად.

მართლაც, არმ-ის სფეროში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია იმ ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, რომლებსაც წიგნის ავტორებმა „ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოში“ მოუყარეს თავი. მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერი უკვე ქართველ სპეციალისტებსაც გაუწევს დახმარებას.

წიგნის შეძენა შესაძლებელია "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში.

წიგნის გამოსაწერად, გადადით მითითებულ ბმულზე