ერთ თვეში 130-ზე მეტი განცხადება - ss.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სექტემბრიდან დღემდე გასაყიდად 130-ზე მეტი კვების ობიექტი გამოიტანეს.
რესტორნები იყიდება როგორ დედაქალაქის ტურისტულ ნაწილში, ასევე მთლიანად თბილისში. გასაყიდად გამოტანილია კვების ობიექტები ტურისტულ რეგიონებშიც.
როგორც გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის დამფუძნებელი, რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის რესტორნების 70%-ზე მეტი დახურულია. აქედან ნაწილი დროებით დაიკეტა, ნაწილი კი გაკოტრებულია.
ქეთი კვიჭიძის თქმით, წინ კიდევ უფრო რთული პერიოდია, რადგან სიცივეს ტერასების დახურვაც მოჰყვება, რაც კიდევ უფრო გაართულებს სარესტორნო ბიზნესის საქმიანობას.
„მე ვფიქრობ, ნოემბერი იქნება კიდევ უფრო რთული ყველა სექტორისთვის და განსაკუთრებით კვების ობიექტებისთვის. ამ დრომდე რესტორნების დაახლოებით, 70% იყო დახურული, ზოგი დროებით და ზოგი საერთოდ. 30% არის ის, ვინც მუშაობს. თუმცა, რამდენიმე რესტორანზე ახლა გავიგე, რომ დროებით ისინიც დაიხურა. ახლა სიცივე რომ დაიწყება, ვინც ტერასების ხარჯზე მუშაობდა, მათთვისაც მძიმე ვითარება შეიქმნება.
მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გველის სარესტორნო ბიზნესს. რაღაცნაირად თვითონ უნდა მოახდინონ ადაპტირება ონლაინ გაყიდვებზე. სხვა გზას, უბრალოდ, ვერ ვხედავ. ვგულისხმობ, შეკვეთების ადგილზე მიტანას. მაგალითად, ერთ-ერთმა რესტორანმა დაიწყო კერძების გამზადება და „სუფრის“ სახლში მიტანა. ვფიქრობ, რესტორნებმა განსხვავებული მიდგომები უნდა მოიფიქრონ. იმიტომ, რომ წლევანდელი წელი არის გადარჩენის, აქ არ არის საუბარი მოგებაზე. ეს არის ბიზნესი, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მასზე მიბმულია უამრავი თანამშრომელი, მათი ოჯახები, ბევრი კომპანია. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ამ ეტაპზე რამენაირად გადავარჩინოთ. თორემ, როდესაც ხვალ და ზეგ 5000 ინფიცირებულზე ავალთ, ვისღა ენდომება რესტორანი?!“,- ამბობს ქეთი კვიჭიძე.
გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცის დამფუძნებლის თქმით, აქ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაც, რომლის გარეშეც ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან დახმარება. იმიტომ, რომ ჩვენ ბიზნესზე მიბმულია ძალიან ბევრი კომპანია, რომლებიც ასევე ძალიან ცუდ მგომარეობაში ვარდებიან. ეს არის გრძელი ჯაჭვი, რომელიც წყდება და ჩერდება, ფაქტობრივად, ჩიხში ვართ შესული.
ამას ემატება ეროვნული ვალუტის ფაქტორიც. წარმოუდგენელია, ამ ლარის კურსის პირობებში მუშაობა. პროდუქცია ძალიან გაძვირდა და გვიწევს მარჟის დაჭერა, ჩვენს მომსახურებას ვერ ვაძვირებთ, ამიტომ, მინიმალური მოგება კიდევ მინიმუმამდეა დასული.
შესაბაბამისად, მე ვფიქრობ, სახელმწიფროსთან ერთად უნდა მოხდეს ბიზნესის გადარჩენა“,- ამბობს ქეთი კვიჭიძე.