"საარჩევნო პერიოდი ლარის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირშია"

ეროვნული ვალუტა არჩევნებამდეც გაუფასურების მაღალ ნიშნულზე იყო, თუმცა მაშინ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ხოლო არჩევნების შემდეგ მან გაუფასურება ისევ დაიწყო.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არჩევნების შედეგად წარმოქმნილი გაურკვევლობებია.

"საარჩევნო პერიოდი პირდაპირ კავშირშია ლარის გაუფასურებასთან. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა, მდგომარეობა არ არის სტაბილური. ეს არასტაბილურობა და ის, რომ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ, ეს პირდაპირ მოქმედებს ლარზე.

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი დახარჯა, რომ ლარი დაესტაბილურებინა, მაგრამ ლარი მაინც გაუფასურდა, გამოდის, რომ ეს ინტერვენციებიც ვეღარ შველის გაცვლით კურსს. ვფიქრობ, მომავალში ეს რთული მდგომარეობა ისევ გაგრძელდება, იმდენად, რამდენადაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ამას ემატება პანდემია“, - ამბობს ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბლუმბერგზე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3,27 ლარიდან 3,30 ლარამდე მერყეობს.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე