თურქული ლირის კურსი დღეს დოლართან მიმართებით კვლავ გაუფასურდა და 8,49 ლირა შეადგინა. ეს მაჩვენებელი თურქეთის ეროვნული ვალუტისთვის გაუფასურების ახალი ანტირეკორდია, აქამდე მინიმუმი 8,34 ლირა იყო, რომელიც 30 ოქტომბერს დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.
მანამდე სააგენტომ ვალუტის გაუფასურება დააკავშირა ანკარას შესაძლო ჩათრევას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაჩაღებულ სამხედრო კონფლიქტში. როგორც ცნობილია, თურქულ მხარეს მჭიდრო კავშირი აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოს მხარდაჭერის შესახებ ღიად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს გამწვავდა და აქტიურ საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. მხარეებმა ამ დრომდე სამჯერ მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც სამჯერვე დაირღვა.