ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval), საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან და ასევე, ქვეყნის AML/CFT სისტემის ეფექტურობის დონეს.
„ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა იმ მიზნების მისაღწევად, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში AML/CFT სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის და ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ Moneyval-ის წინა ვიზიტის შემდეგ (2011 წელი) ფინანსური ინსტიტუტების შესაბამისობის დონე გაზრდილია, კერძოდ: 2015 წლიდან ეროვნული ბანკის მიდგომა AML/CFT ზედამხედველობის კუთხით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე სრულად რისკზე დაფუძნებულია. ეროვნულ ბანკს, როგორც ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტის, ისე სექტორული რისკების ყოვლისმომცველი აღქმა და ცოდნა აქვს; ეროვნულ ბანკს ჩამოყალიბებული აქვს ეფექტური საზედამხედველო ციკლი და ახორციელებს პროპორციული რაოდენობის შემოწმებებს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სექტორების მოცულობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. ასევე, ეროვნული ბანკი ეფექტურად იყენებს მის ხელთ არსებულ საზედამხედველო ინსტრუმენტებს. AML/CFT ზედამხედველობის დეპარტამენტი აღჭურვილია სათანადო რესურსით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით; ეროვნული ბანკი შესაფერისობის სათანადო კრიტერიუმებს იყენებს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების/რეგისტრაციის ეტაპზე, რაც მოიცავს მათი რეპუტაციის სიღრმისეულ შემოწმებას; ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შესაბამისობის დონეზე.
ეროვნული ბანკის ძალისხმევის შედეგად, ბანკებსა და ძირითად მსხვილ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებში AML/CFT შესაბამისობის ფუნქცია პრიორიტეტულად არის მიჩნეული და მათ აქვთ დახვეწილი AML/CFT შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს სათანადოდ სტრუქტურირებულ შესაბამისობისა და აუდიტის ფუნქციას, ასევე, სასწავლო პროგრამებს; ფინანსური ინსტიტუტებს ზოგადად აქვთ AML/CFT რისკების კარგი ცოდნა. ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც წარმოადგენენ დიდი საბანკო ან სხვა ფინანსური ჯგუფის წევრებს, ML/TF რისკების სამართავად შემუშავებული აქვთ ეფექტური შიდა სისტემები, კონტროლის მექანიზმები და დანერგილი აქვთ დახვეწილი ელექტრონული სისტემები სანქცირებულ პირთა გადამოწმებისთვის და კლიენტების ოპერაციების მონიტორინგისთვის; კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა საკორესპონდენტო ურთიერთობებთან, პოლიტიკურად აქტიურ პირებთან და მაღალი რისკის იურისდიქციებთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური აღქმა და ამ რისკების მართვის გაძლიერებული ზომების სათანადო ცოდნის დონე გამოავლინეს.
ანგარიშის თანახმად, ტექნიკური შესაბამისობის კუთხითაც ასევე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნება. საქართველოს ეროვნულ ბანკს შემუშავებული და დანერგილი აქვს ეფექტური სამართლებრივი და საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც შესაბამისობაშია FATF-ის რეკომენდაციებთან“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
მათივე ცნობით, ფინანსური ინსტიტუტების შიდა სისტემის FATF-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას Moneyval-ის ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესასრულებლად და ფინანსურ სექტორში AML/CFT შესაბამისობის დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად.