კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა.
მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლები.
„ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი. იცნობდეთ „საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს, თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ“ - აცხადებს კურორტის ადმინისტრაცია.
კურორტ „საირმესთან“ ერთად World Travel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“, სასტუმროთა ქსელი Hilton და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.
კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ.-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. კურორტ „საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე საკვები და სამედიცინო ობიექტები, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი სამკურნალო / სარელაქსაციო სპა ცენტრი, ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობები და საკონდიტრო, სადაც ევროპული სტანდარტების პურ-ფუნთუშეული მზადდება. კურორტი „საირმე“ ვიზიტორებს მასპინძლობს წელიწადის ოთხივე სეზონზე.