დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენა 2021 წლის იანვარში დასრულდება და პროექტზე 1 328 ათასი ლარი დაიხარჯება. კალაძის განმარტებით, თბილისში უკვე ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, სრულად მოწესრიგდა აეროპორტის მიმართულებით მიმავალი გზა. დედაქალაქის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
„ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა წელს თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სიდიდით, სხვადასხვა მასშტაბის პროექტები. კონკრეტულად მინდა შევეხო სამუშაოებს, რომელიც აეროპორტის მიმართულებით მიმავალ ევროპის ქუჩაზე მიმდინარეობს. ამ ქუჩის რეაბილიტაცია ჩვენ შარშან დავიწყეთ და წელს უკვე დავასრულეთ თავისი გზაგამყოფებით, ახალი სანათებით, გზა მთლიანად მოწესრიგებულია. იქ არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, ეს არის ხიდი, რომლის ქვეშ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გადის და დავიწყეთ ამ ხიდის სრული განახლება, იმიტომ, რომ იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ფაქტობრივად ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება, 2021 წლის იანვარში უნდა იყოს სამუშაოები დასრულებული, 1 328 ათასი ჯდება ამ პროექტის განხორციელება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიმათულებით და ასევე გავაგრძელებთ იმ ადამიანებისა და ოჯახების დახმარებას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორცელებით ამ ადამიანებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა,“- განაცხადა კახა კალაძემ.