თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რაც არის დამტკიცებული, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ. გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიაციო აქტივის კიდევ უფრო მობილიზება იმისთვის, რომ წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს“, - განაცხადა ხმალაძემ.
თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა საპრივატიზაციო ქონება მოიძიონ.
„ყველას მინდა ვთხოვო სამსახურების მიხედვით, რომ საპრივატიზაციო თემები რაც გვაქვს, განსაკუთრებით ქონების მართვის სააგენტოს, მაქსიმალურად მოვიძიოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, რომ საპრივატიზაციო გეგმა შევასრულოთ. ის გეგმა და დანაკლისი რაც გვაქვს შემოსავლების ნაწილში, მაქსიმალურად მოვახერხოთ ამის დაბალანსება. ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რომ შემოსავლები როგორმე გავზარდოთ ქალაქის დასახმარებლად, იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლესაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა“, - განაცხადა კალაძემ.