Apple-მ 10 ნოემბერს შესაძლოა, ახალი Mac-ი წარადგინოს

Apple-მა გამოაცხადა, რომ 10 ნოემბერს სპეციალურ ღონისძიებას ჩაატარებს, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, თუ რას უკავშირდება ის. კომპანიამ მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნა, რომ „კიდევ ერთ რამეს“ წარადგენს.

ამერიკულმა კომპანიამ გასულ თვეში ახალი აიფონების მთელი გამა, უფრო ადრე კი ახალი საათები წარმოადგინა. Apple-მა ივნისში გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ახალ Mac კომპიუტერებს გამოუშვებს, რომლებსაც საკუთარ პროცესორებზე (Apple Silicon-ის სახელითაა ცნობილი) ამზადებს.

მიმომხილველები დარწმუნებულები არიან, რომ 10 ნოემბრის ღონისძიება სწორედ ახალ კომპიუტერებს ეძღვნება. ეს იქნება პირველი კომპიუტერები, რომლებსაც Apple თავისი ძველი პარტნიორის, Intel-ის ჩიპების გარეშე გამოუშვებს. ცნობისათვის, 2006 წლიდან მოყოლებული, Apple-ს ლეპტოპები და დესკტოპები, სწორედ Intel-ის პროცესორებზე მუშაობს.

ფრაზას - „კიდევ ერთი რამ“, კომპანიის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი სტივ ჯობსი, ისეთი პროდუქტების წარდგენის წინ ამბობდა, რომლებიც ადრე საზოგადოებისთვის უცნობი იყო.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ახალი მაკების გარდა, Apple წარმოებისთვის ახალ ყურსასმენ AirPods-ს ამზადებს, რომლებიც სათვალთვალო სენსორებით არის აღჭურვილი.