საუდის არაბეთი და ოპეკის წევრი სხვა ქვეყნები ევროპაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და ამის გამო ამოქმედებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე ნავთობის მოპოვების არსებითად შემცირების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპეკის წევრი ქვეყნების მხრიდან ნავთობის მოპოვების შემცირება იქნება პასუხი მოთხოვნის შემცირებაზე, რომელიც უნდა მოხდეს მომდევნო თვეებში.
მანამდე ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა და ოპეკის კონფერენციის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ატარმა განაცხადა, რომ რუსეთმა, საუდის არაბეთმა და ერაყმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შესთავაზეს შეენარჩუნებინათ ნავთობის მოპოვების შემცირების არსებული დონე 2021 წლის პირველ თვეებშიც, ეს კი ნიშნავს, რომ არ გაზარდონ მოპოვება დღე-ღამეში 1,9 მილიონ ბარელზე მეტად, როგორც ეს გათვალისწინებული იყო გეგმის მიხედვით.
როგორც ცნობილია, განაცხადი ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ოპეკ+-ში მოქმედებს მიმდინარე წლის მაისიდან. შეთანხმების პირველი ეტაპი, როცა წევრმა ქვეყნებმა მოპოვება შეამცირეს 9,7 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში, აგვისტოში დასრულდა. სექტემბრიდან წლის ბოლომდე კი მოპოვება უნდა შემცირდეს 7,7 მილიონ ბარელამდე დღე-ღამეში, ხოლო 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შეზღუდვებმა უნდა შეადგინოს 5,8 მილიონი ბარელი დღე-ღამეში. შეთანხმება მოქმედებს 2021 წლის აპრილამდე და მისი პირობების გადახედვა შესაძლებელია 2021 წლის დეკემბერში.