"ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ გაფართოვდება, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება"

ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ტესტი თავის დროზე ჩატარდება. ტესტი უტარდება ყველას, ვისთანაც საჭიროება არის. როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი დილით ქვეყანაში ჩატარებულია 11 527 PCR ტესტი, მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.

ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვზრდით, ვაფართოებთ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირების არეალს. დღეს მთავრობის ახალი დადგენილება იქნება, რომლის მიხედვითაც, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი კიდევ მეტად გაფართოვდება. რა ჯგუფებზე და როგორ, განსაზღვრავს დადგენილება. ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დადებითი ტესტირების შემთხვევაში სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა უკვე პასუხს.

ეს პასუხი საკმაოდ ვალიდურია, ახალი გენერაციის სწრაფი ტესტებია, რომელიც პრეკვალიფიცირებულია მსოფლიოს ჯანმრთლობის ორგანიზაციის მიერ. ასეთია საქართველოში შემოტანილი სწრაფი ტესტები, რომლებიც საკმაოდ სარწმუნო პასუხს იძლევიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.