მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული და განაკვეთი უცვლელად, 8.0% დატოვა - ამის შესახებ ერონული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ამასთან, გვენეტაძემ ინფლაციის შემცირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფლაციის კლებაზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა ახდენს გავლენას.
„ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა, დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. დაბალი ინფლაცია თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და დასაქმების ბუნებრივი დონის უზრუნველსაყოფად.
ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტოდ ძლიერი რეცესიისა და ჩაკეტვების (ე.წ. lockdown-ების) შედეგად, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკამ მძლავრი დარტყმა მიიღო. მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის წლიურად 12.3%-იანი ვარდნის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, კლებამ მესამე კვარტალში შედარებით ნაკლები დაახლოებით, 3.8% შეადგინა, თუმცა შოკიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2020 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს აღდგენას დაიწყებს და დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. გასათვალისწინებელია, რომ გაურკვევლობა გლობალური მასშტაბითაც დიდია, რაც, პირველ რიგში, პანდემიის მოთოკვის ვადებთან არის დაკავშირებული.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დაზარალდა. მარტიდან, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა შემოსვლა თითქმის შეწყდა, რაც სავაჭრო ბალანსზე მკვეთრად უარყოფითად აისახა. შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ბოლო წლების დინამიკა შეტრიალდა და 2020 წლის პირველ ნახევარში ამ მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10.3% შეადგინა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პირობებში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგებია საქონლის ექსპორტსა და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების კუთხით, ვიდრე ამას პანდემიის საწყის ეტაპზე ვაფასებდით.
ბუნებრივია, COVID-19-ისგან გამოწვეულმა მოვლენებმა გავლენა იქონია ინფლაციაზეც. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეტწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებასა და პანდემიის გამო გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვას უკავშირდება. მეორე მხრივ, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს შენელებული ერთობლივი მოთხოვნა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8% შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება.
ინფლაციის მომავალ დინამიკას ძირითადად სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განსაზღვრავს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული და განაკვეთი უცვლელად, 8.0% დატოვა. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა, ანუ ნორმალიზაცია, და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ის ასახავს საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება.