პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

უწყების ცნობით, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.