გართულებული საბანკო რეგულაციების შედეგად, ქვეყანაში სესხის სწრაფად მიღების ერთადერთ ალტერნატივად ისევ ლომბარდი რჩება.
ლომბარდებში კი ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დალომბარდებული ნივთის გატანას ვერ ახერხებს. ასეთ ნივთებს შორის კი ძირითადად ლეპტოპები და მობილურები ლიდერობს. რაც შეეხება ოქროს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მოქმედ რამდენიმე ლომბარდში განუცხადეს, მომხმარებელი ცდილობს, რომ ძვირფასეულობა არ დატოვოს, თუმცა ზოგჯერ, ოქროც სრულად ლომბარდის საკუთრებაში გადადის.
როგორც ცნობილია, მცირე სესხების უზრუნველსაყოფად ხშირად ხდება მოძრავი ნივთების დაგირავება ლომბარდში. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდისთვის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით. მას შემდეგ კი რაც მოქალაქეები სესხის პროცენტის გადახდას ვერ ახერხებენ, ნივთები ლომბარდში რჩება.
,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ლომბარდების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლომბარდში დარჩენილ ნივთებს შორის ტექნიკა ლიდერობს, ოქროს კი იშვიათ შემთხვევაში ტოვებენ.
„დაახლოებით 5 წელია ამ ბაზარზე ვარ და ტენდენცია არ შეცვლილა, მსესხებლები ყველაზე ხშირად მობილურებს და ლეპტოპებს ტოვებენ. ოქრო მაინც ბევრად მნიშვნელოვანი რამეა მათთვის და რაღაცნაირად ახერხებენ გადახდას. პროცესი დროში ხშირად ძალიან იწელება და ბევრჯერ ავადებენ, მაგრამ უფრო მეტად გააქვთ, ვიდრე ტექნიკა“-აცხადებენ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში.
„როგორც წესი, ოქროს უფრო იშვიათად ტოვებენ, მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ჯვრისწერის ბეჭედს ან ნათლობის ჯვარს. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ ისინიც ვერ გაუტანიათ. ყველაზე ხშირად მაინც მობილურების და სხვა ელექტრო საქონლის პროცენტს ვერ/არ იხიდიან და შედეგად გადადის ეს პროდუქცია ლომბარდის მფლობელობაში“, - გვითხრეს ერთ-ერთ ლომბარდში.
„ჩვენი ბიზნესის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, არადა მართლა თუ ბოლომდე არ უგულებელყო ვინმემ პროცენტის გადახდა, ბუნებრივია, ჯარიმა ეკისრებათ, მაგრამ ნივთი ჩვენს მფლობელობაში არ გადმოდის. ყველაზე ხშირად რა თქმა უნდა, ტექნიკას ტოვებენ, როგორც საოჯახო ასევე, პირადი მოხმარების. მეორეა ოქროს ნივთები და სხვა ძვირფასეულობა. მოკლედ რასაც ალომბარდებენ, იმთავითვე არის ხოლმე დიდი შანსი, რომ გატანა ვეღარ შეძლონ, ან ფული იმ მომენტში სჭირდებათ და მერე, აღარ უღირთ გადახდა“, - განაცხადა თბილისში მოქმედი კიდევ ერთი ლომბარდის წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, დღეისათვის საქართველოში მოქმედი ლომბარდების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც საქსტატმა ჩაატარა, 2017 წლის მონაცემებს მოიცავს. იმ დროს ქვეყანაში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული იყო 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა). ამავე სტატისტიკით, ლომბარდების 55,7% თბილისში მდებარეობდა, 12,1% - იმერეთის რეგიონში, 9,9% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% - აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში.
2018 წლის აგვისტოში მიღებული კანონის შედეგად კი, რომელიც ლომბარდებს უძრავი ქონების და ავტომობილის სანაცვლოდ სესხის გაცემას უკრძალავს, ბაზრიდან ბევრი სალომბარდო საქმიანობით დაკავებული სუბიექტი გავიდა. შესაბამისად, ამ დროისთვის კონკრეტული ციფრი, თუ რამდენი ლომბარდი ფუნქციონირებს ქვეყანაში, უცნობია.