„ბევრი კომპანია გაკოტრდება და დაიწყებს ფიქრს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლაზე - უნდა განულდეს  ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადი“

„უნდა განულდეს ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადი,“ - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ფრენებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება დაგვიანებულია და სახელმწიფო გაცილებით ლიბერალური უნდა ყოფილიყო ამ მიმართულებით.

„სხვა ქვეყნებიდან უნდა აგვეღო მაგალითი და ფრენების თვალსაზრისით, ასეთი მკაცრები, კონსერვატიულები და გადაზღვეულები არ უნდა ვყოფილიყავით. რაც შეეხება ფინანსურ მარკეტინგულ მდგომარეობას ბაზარზე, ძალიან ცუდ ადგილას ვართ. სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე მარტო კოვიდის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო. საქართველოში შემომყვანი ტურიზმი ძალიან გადაბმულია სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ორგანიზებული ტურისტების 30-40% კომბინირებაში აკეთებს ტურს საქართველოში. ამ ტურების ნაწილის გენერირება ხდება როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტურები ჩაიხსნება და რეალურად კომბინირებული ტურები უახლოეს სეზონზე შეწყდება, რაც ძალიან ცუდია. ამასთან, გვაქვს პოლიტიკური გარემოს პრობლემაც, რადგან არჩევნებმა მოლოდინები არ გაამართლა და იცით რაც ხდება.

რაც შეეხება ფინანსური თვალსაზრისით, ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სახელმწიფო წინმსწრებად უნდა ფიქრობდეს და ტურიზმის სექტორი კი არ უნდა ითხოვდეს გადასახადების გადავადებას, არამედ სახელმწიფო უნდა ასწრებდეს მას. თუ ეს არ მოხდა, ბევრი კომპანია აღმოჩნდება არაადეკვატურ მდგომარეობაში, დაიწყებს ფიქრს ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლაზე და მივიღებთ უკუეფექტს - ბევრი გაკოტრდება, ბევრი გადავა ჩრდილში და საერთოდ, ნიჰილიზმი დაისადგურებს ამ სფეროში. ამიტომ სახელმწიფოს ვალია, რაც შეიძლება ბრძნულად გადაწყვიტოს ეს საკითხი, ნაკლები საგადასახადო ტვირთი დაადოს ამ სექტორს. ქონებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადები უნდა განულდეს, მთელი იმ სტაგნაციის პერიოდში, რომელიც გვექნება. ამაზე მეტი ფორსმაჟორი საქართველოს უახლოეს ისტორიაში შესაძლოა, არც არსებობდეს,“-განაცხადა კიკნაძემ.

თაია არდოტელი