სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე.
„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი - რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე - კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი - წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.