ლარი ზედმეტად გაუფასურებულია - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის დღევანდელი გაუფასურება ისევე დროებითია, როგორიც ეს პანდემიის პირველი ტალღის დროს იყო.
,,არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ, სებ-ი აღარ გააგრძელებდა ინტერვენციებს და აუცილებლად გაუფასურდებოდა ლარი. ეს იყო არაობიექტური რეალობა, არამედ განწყობები, რამაც ბუნებრივია იმოქმედა კურსზე. ჩვენი შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და აუცილებლად დაიწევს წლის ბოლომდე 3.3- ნიშნულზე ან უფრო ქვევით, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზია. ვალუტის მიწოდება კი ბაზარზე აუცილებლად გაგრძელდება ეროვნული ბანკის მხრიდან. ასეთია ჩემი პროგნოზი“, - განაცხადა ნადარაიამ.
ეკონომისტის თქმით, სებ-ს არ უნდა, გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდის მცირე თანხებს, როგორც მაგალითად, ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.
„მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ არსებული ჩარჩოც, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება საგარეო დაფინანსებას პირდაპირ არ აწვდის ბაზარს და ის ჯერ ხურდავდება ეროვნულ ბანკში და შემდეგ მთავრობა ამ ვალუტის სანაცვლოდ იღებს ლარს და ხარჯავს. ეს სტიმულია ეკონომიკისათვის, მაგრამ ზრდის ფულის მასას და შემდეგ, ამის გასანეიტრალებლად არის საჭირო ინტერვენციები. ჩემი პირადი აზრია, რომ სებ-ს არ უნდა, გაჩნდეს განცდა, რომ მისთვის გარკვეული კურსია სამიზნე და იჭერენ კურსს, ამიტომ არ აკეთებს მცირე ბიჯებს და არ ყიდიან მცირე თანხებს, როგორც მაგალითად, ეს ხდებოდა 2009 წელს კრიზისის დროს.
ძალიან მნიშვნელოვანია სების მხრიდან კომუნიკაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გაყიდული თანხები არის, მთავრობის მხრიდან მოტანილი ახალი ფული, ამიტომ სისტემურად არასწორია კითხვა, სანამდე ეყოფა სებ-ს რეზერვები. რეზერვები, რჩება მნიშვნელოვან ბუფერად. წლევანდელი ინფლაცია, სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება და ეს არის დიდი პრობლემა. კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული,
ეს აქსიომაა“, - განაცხადა ნადარაიამ.