ფინანსთა მინისტრი ლარის კურსზე - ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს.

„ამ ეტაპზე არანაირი ობიექტური პირობა ლარის კურსის იმ მერყეობის, რასაც ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებითაა გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ამავდროულად, ეს დაძაბულობა თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ. არავინ საუბრობს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, მაგრამ არაა რთული პირბადის ხმარება, დისტანციის დაცვა და პოლიტიკის ნაწილში კონსტიტუციის დაცვა და არაკონსტიტუციური მოწოდებების არგაკეთება“,-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.