საქართველოში ზეთი კიდევ გაძვირდება. ამის მიზეზი არა მხოლოდ გაუფასურებული ლარი, არამედ ექსპორტიორ ქვეყნებში პროდუქციის ღირებულების გაზრდაა. რუსეთში კი, რომელიც საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორია, (მასზე იმპორტის 88,1% მოდის) ზეთზე ფასმა ბოლო 2 კვირაში ტონაზე უკვე 25 დოლარით მოიმატა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთზე ფასი იმატებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ძვირდება საექსპორტო პროდუქციაც. ამჯერად ერთი ტონა საექსპორტო მზესუმზირის ფასმა 985 დოლარს მიაღწია (20 ოქტომბრისთვის ერთი ტონა საექსპორტო ზეთის ფასი 860 დოლარი იყო) . ბაზრის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ფასი კიდევ მოიმატებს, რამდენადაც, ხორბლის ანალოგიურად, რუსულ მზესუმზირის ზეთზე მსოფლიო ბაზრებიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორიც საქართველოში რუსეთია. იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში შემოვიდა 25,854 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ჯამში 29 682 ტონა. იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 88,1% რუსეთზე მოდის, წელს 9 თვეში მეზობელ ქვეყანაში 22,786 მლნ დოლარის ღირებულების, 26 549 ტონა მზესუმზირის ზეთი ვიყიდეთ. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც 1,658 მლნ დოლარის ღირებულების 1 684 ტონა ზეთი შემოვიდა. სამეულშია უკრაინა, სადაც საქართველომ 1,192 მლნ დოლარის ღირებულების 1 285 ტონა ზეთი იყიდა.
იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ქვეყანაში ეს პროდუქტი უკვე გაძვირდა. ზეთის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორის, გურამ ბროძელის თქმით, ფასმა უკვე 30%-ით მოიმატა. მისივე თქმით, ფასზე გავლენას არა მხოლოდ მომწოდებელ ქვეყანაში პროდუქციის გაძვირება, არამედ ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურებაც ახდენს.
,,მსოფლიო ბაზარზე, ბოლო პერიდიოდში, ნამდვილად აიწია ზეთის ფასმა. ფასმა დაახლოებით 30%-ით მოიმატა. ბოლო დღეების განმავლობაში კი, მომწოდებლებმა გაზრდილი ფასი კიდევ დამიფიქსირეს. იმის გამო, რომ ლარი მხოლოდ ბოლო 24 საათში 10 პუნქტით გაუფასურდა, ბუნებრივია, იზრდება თვითღირებულება და მერე ეს აისახება დახლზე არსებულ პროდუქციაზეც.
რომელი სუპერმარკეტი როდის გაზრდის ფასს, ეს დროის საკითხია. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ გაზრდილი ფასით ხელშეკრულება, მათ კი ერთი თვის ვადაში უნდა დაადასტურონ. ზოგიერთი ქსელისგან უკვე გვაქვს დასტური, რომ ისინი ახალ ფასში გაყიდიან. თუმცა ეტაპობრივად ზრდა მოხდება ყველგან“, - ამბობს, ,,ბარაქას“ დირექტორი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ოქტომბერში მზესუმზირის ზეთის ფასი 25.6%-ით გაიზარდა.