საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება მცირდება

პანდემიისგან წარმოქმნილი ეკონომიკური რეცესიის ფონზე საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება მცირდება.

ამის ნათელი დადასტურებაა სტატისტიკაც. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 9 თვეში საქართველომ სულ დაახლოებით 8513.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 619 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლებია. წარმოებასთან ერთად შემცირებულია მოხმარების დონეც, უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანამ ჯამში 8955.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 616 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიით ნაკლებია.

ცნობისათვის, ელექტროენერგიის გამომუშავების ყველაზე დიდი წილი ჰესებზე მოდის. კერძოდ, ჰესებმა წელს სულ 6807.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც მთლიანი გამოშვების თითქმის 80%-ია.

გამოშვების შედარებით დაბალი დონით ხასიათდება ქარის ელექტროსადგურებით გამომუშავებული ენერგია, რომელმაც მიმდინარე წელს მხოლოდ 69 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, მიმდინარე წელს მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობამ 1,636.1 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე