ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ სახლებიდან გასვლას და სოციალური კონტაქტები მაქსიმალურად შეზღუდონ.
”დრო არ გვაქვს დაველოდოთ და ვნახოთ, საკმარისია თუ არა ზომები, რომელიც გასულ კვირას შემოვიღეთ. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ლოქდაუნი”, - განაცხადა ერნა სოლბერგმა.
ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს შინ დარჩენის რეკომენდაცია ეძლევათ, იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში გამართულ კერძო ღონისძიებებზე 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება. ნორვეგიელებს ასევე მოუწოდებენ, უარი თქვან არააუცილებელ საერთაშორისო მოგზაურობაზე. ამასთან, შუაღამის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა იკრძალება, ე.წ. „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის კოვიდ 19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო ხდება, ნორვეგიაში ჩასული ის მოქალაქეები კი, რომლებსაც ქვეყანაში მუდმივი მისამართი არ გააჩნიათ, ან იქ დასაქმებასთან დაკავშირებული მიზეზით არ ჩადიან, ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში“ 10-დღიან კარანტინს გაივლიან და კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა ახალ შეზღუდვებს შობის დღესასწაულამდე გადახედავს.