DCFTA-ს პროგრამის ფარგლებში გაცემული 50-მდე სესხი და რეალური შედეგი, რომელიც ბიზნესებმა მიიღეს

საქართველოში ბიზნესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას კაპიტალზე წვდომა წარმოადგენს.

ამ დაბრკოლების გადალახვას კი ევროკავშირი სახელმწიფოსთან და საბანკო სექტორთან პარტნიორობით ცდილობს.

ამის მაგალითია ყველასთვის ცნობილი ლუდი „ბათუმური“, რომელიც უძველეს ქართულ ბრენდს წარმოადგენს, რადგან 1951 წლიდან იწარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალ, ჩამოსასხმელ ლუდზე მაღალი მოთხოვნა იყო, კომპანიის ფინანსური დირექტორი, როინ ხალვაში გვიამბობს, რომ 50-იანი წლების დანადგარები ვეღარ აკმაყოფილებდა პროდუქტის მაღალი ხარისხის მოთხოვნებს და კომპანიამ ახალი ქარხნის მშენებლობა გადაწყვიტა. ძველი ქარხანა კი ისტორიულ ადგილად, მუზეუმად უნდა გადაკეთებულიყო. როინ ხალვაში აღნიშნავს, რომ ძველი ქარხანა ენერგორესურსების დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული, ახალი ქარხნი მშენებლობით კი აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრა.

bog1-1604643821.jpg

ლუდმა „ბათუმურმა“ გადაწყვიტა, DCFTA-ს (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) პროგრამაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამებთან ერთად „აწარმოე საქართველოში“ და „იაფი აგროკრედიტი“ ხორციელდება და კომერციული ბანკები არიან ჩართულები. ამ შემთხვევაში, „საქართველოს ბანკის“ დახმარებით, პროგრამის ფარგლებში გაიცა ორი სესხი 521,767.00 ევრო 60 თვით და 1 000 000 ევრო 76 თვით. სესხის მიზნობრიობა იყო ახალი საწარმოო ხაზის გამართვა და დამატებით ახალი ჩანების შეძენა, რამაც ბიზნესს ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.

„2016 წელს ვაპირებდით ახალი საწარმოო ხაზის (მოწყობილობა-დანადგარები) შეძენას და ახალი ლუდის ქარხნის გახსნას, რისთვისაც ვიყენებდით საკუთარ რესურსსა და „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ხაზს. იმ პერიოდისათვის ჩვენთვის ცნობილი გახდა EBRD ის DCFTA საკრედიტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა 15%-იან გრანტს. მივმართეთ და წარვადგინეთ საინვესტიციო გეგმა, რომლის შემდგომაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოგვეცა. ასევე, მონაწილეობა გვაქვს მიღებული EBRD-ის რამოდენიმე პროექტში, (ენერგო ეფექტურობის პროექტი, ბიზნეს გეგმის მომზადებისათვის თანადაფინანსება, კონსულტაციები მცირე ბიზნესისისათვის რომლის შემდგომაც კომპანიაში დაინერგა ISO სტანდარტი)“, - გვიამბო როინ ხალვაშმა.

bog2-1604644010.jpg

კომპანიის ფინანსური დირექტორი განმარტავს, რომ „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის პროექტმა, რომელიც DCFTA-ს ფარგლებში განხორციელდა, მცირე საწარმოს საშუალება მისცა, წარმოების განვითარებისა და ქართული პროდუქტის მაღალი ხარისხით წარმოებისათვის ფინანსურ რესურსზე წვდომა ჰქონოდათ. საბოლოოდ, მიღებული ხარისხი და ახალი სტანდარტები პროდუქტის გაყიდვებზეც აისახა (10-15%). დღეს კომპანიას 75 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული და ახალი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმავს.

ლუდი „ბათუმურის“ მსგავსად, პროექტისგან მხარდაჭერა მიიღო შპს „ჰარცნბერგ ბროსმა“, რომლის საქმიანობის სფეროს მემარცვლეობა წარმოადგენს. კომპანიას გარდაბნის რაიონ სოფელ სართიჭალაში 110 ჰექტარ მიწის ფართობზე მაღალი ხარისხის სიმინდი მოჰყავს. ყოველწლიურად, საშუალოდ, ერთ ჰექტარს 12-13 ტონა მოსავალს იღებენ.

როგორც კომპანიაში გვიამბობენ, მოყვანილი სიმინდის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 3 წლის წინ კი პროდუქციის ექსპორტი ირანის რესპუბლიკაში განხორციელდა.

DCFTA-ს პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკმა“ კომპანია 2-ჯერ დააფინანსა: 450 000 ლარით ევროპული სტანდარტის ტრაქტორისა და მისაბმელი მოწყობილობების და 57 000 ლარის მოცულობით შედარებით მცირე სიმძლავრის ტრაქტორის შესაძენად.

bog3-1604644100.jpg

„ჰარცნბერგ ბროსის“ წარმოების ხარისხი დაფინანსების მიღების შემდეგ გაიზარდა. კომპანია ადგილობრივი ჯიშის სიმინდს აწარმოებს, რომელიც იმპორტირებულ ანალოგებზე უფრო მაღალი ხარისხისაა. სამომავლოდ კი ნუშისა და ვაშლის ბაღების გაშენებას, წვეთოვანი სისტემის დანერგვას გეგმავენ.

პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკის“ ჩართულობით 50-მდე კომპანია დაფინანსდა, რომლებმაც თავიანთი საწარმო უახლესი დანადგარებით აღჭურვეს, ხარისხი გააუმჯობესეს და შემოსავლები გაზარდეს.

როგორ მიიღეს კომპანიებმა დაფინანსება?

ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ბიზნეს სუბიექტებს უნდა დაედასტურებინათ მიზნობრიობა: ძირითადი საშუალებების შეძენა ან ისეთი წარმოების შექმნა (მათ შორის, ქარხნის შენობის მშენებლობაც), რაც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სესხი გაიცემოდა როგორც ლარში, ისე ევროსა და დოლარში. მისი ვადიანობა კი 36-დან 120 თვემდე იყო.

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ყველა ბიზნეს სუბიექტი სესხიდან 10-15% პროცენტ ქეშბექს იღებდა, რამაც საბოლოო ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა შეადგინა და ბევრი მათგანისთვის კიდევ ერთი ინვესტიციის განხორციელების შსაძლებლობად იქცა.

„საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, რომ პროგრამის ფარგლებში კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ კონსულტაციები ევროპული სტანდარტების და ენერგოეფექტურობის საკითხებზე, მიეღოთ დახმარება ძირითადი საშუალებების მოძიებაში და სესხის მიზნობრივად დახარჯვის შემდეგ დაბრუნებოდათ 10-დან 15% პროცენტამდე თანხა, რაც დიდი შეღავათი იყო მათთვის.

„ბიზნესის მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროგრამაში ჩართვის უმთავრესი მიზეზი ბიზნესების სამომავლო განვითარებაში ხელშეწყობა იყო. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის მხარდაჭერა, რათა ბიზნესებს ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოების შესაძლებლობა ჰქონოდათ“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.

რა არის DCFTA და რატომ არის ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?

DCFTA არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი 2014 წელს მოეწერა, ძალაში შესვლის თარიღად კი 2016 წლის 1-ლი ივლისი იქნა მიჩნეული. ბიზნესების დაფინანსების აღნიშნული პროგრამა კი 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე ლიმიტი სრულად ამოწურა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, DCFTA არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი გაფორმების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ახალი ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობა გაჩნდა, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობის პროცესები გამარტივდა.

უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, DCFTA პროდუქტითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას გულისხმობს, რაც მოიცავს: ახალ ბაზრებთან წვდომას, საბაჟო ბარიერების შემცირებას, ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამართლიან კონკურენციას, ვაჭრობის პროცედურების სიმარტივესა და გამჭვირვალობას.

DCFTA-ს ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს.