,,წლევანდელი ინფლაცია სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება“ - როგორია „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო ეროვნული ბანკი კანონის მთავარ მოთხოვნას, რაც ინფლაციის კონტროლია, ჯეროვნად ვერ შეასრულებს და ინფლაცია იქნება სამიზნე ნიშნულზე მაღალი.

ამის შესახებ პროგნოზს ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი აკეთებს.

ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რომ კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული.

,, წლევანდელი ინფლაცია, სამიზნე ნიშნულზე ბევრად მაღალი იქნება და ეს არის დიდი პრობლემა. კურსის სტაბილურობის გარეშე ფასების სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული, ეს აქსიომაა.

არსებობს მოსაზრება, რომ მაღალი ინფლაციის დროს მეტია ეკონომიკური ზრდის ტემპი, თუმცა ეს საქართველოს მაგალითზე ასე არ არის. ეს არის როგორც დოლარიზაციის ფაქტორით განპირობებული, ასევე იმით, თუ რამდენად აქვს ეკონომიკას ჩანაცვლების უნარი. რამდენად მოჰყვება კურსის ზრდას ექსპორტის ზრდა და იმპორტის ჩანაცვლება. რაც ასევე არ ხდება.

მაგრამ თუ მაინც იარსებებს არჩევანი, 3% ინფლაცია, თუ 5-6% ეკონომიკური ზრდა, მე სამიზნესთან ახლოს ინფლაციას დავუჭერდი მხარს“, - ამბობს ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი.

ნადარაია, ,,საქმეში“ ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზებზე და პროგნოზზეც საუბრობს.

,,არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ სებ-ი აღარ გააგრძელებდა ინტერვენციებს და აუცილებლად გაუფასურდებოდა ლარი. ეს იყო არა ობიექტური რეალობა, არამედ განწყობები, რამაც ბუნებრივია იმოქმედა კურსზე. ჩვენი შეფასებით, დღეს ლარი ზედმეტად არის გაუფასურებული და აუცილებლად დაიწევს წლის ბოლომდე 3.3- ნიშნულზე ან უფრო ქვევით, რაც ჩვენი ბოლო პროგნოზია“, - განაცხადა ნადარაიამ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი