თბილისის მეტროსადგურებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედნის“ მეტროსადგურებზე, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს, დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.

„თბილისის რამდენიმე მეტროსადგურში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადების მართვა სპეციალური გამყოფი ბარიერებისა და ზიგზაგების საშუალებით მოხდება. პირველ ეტაპზე, 4 მეტროსადგური შეირჩა, სადაც უფრო მეტია მგზავრთა ნაკადი. ეს მეტროსადგურებია: „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“, „დიდუბისა“ და „სადგურის მოედანი“. მგზავრებს მოვუწოდებთ, დაიცვან 2-მეტრიანი დისტანცია ამ მეტროსადგურების შესასვლელებში, ისევ და ისევ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.