„ქვეყანაში როდესაც პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება იქმნება, ეს უშუალოდ აისახება მოცემული ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე,“- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ეს არასტაბილურობა გამოიხატება იმაში, რომ ჯერ იყო არჩევნები, რომელიც არავინ იცოდა როგორ დამთავრდებოდა, დღეს კი ყველა ვხედავთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების სცენარები მუშავდება. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ვალუტა იქნებოდა არასტაბილური. რადგან ადამიანები, კომპანიები, ყოველთვის ცდილობენ საერთაშორისო მყარი ვალუტა მოიმარაგონ, რათა იმ შემთხვევაში თუ უფრო რთული სიტუაცია შეიქმნება, თავი დაიზღვიონ მაქსიმალურად.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას აუცილებელია ჰქონდეს მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან, დღეგამოშვებით მაინც უნდა იჯდეს რომელიღაც ეთერში და ამშვიდებდნენ სავალუტო ბაზარს. თუ ფულის მასას ზრდი, რამდენი რეზერვიც არ უნდა დახარჯო, სიტუაციას ვერ დაარეგულირებ. მაგრამ სებ-ი იძახის, რომ ფულის მასის ზრდა არ იწვევს გაუფასურებას და არ აქვს ზეგავლენა ინფლაციაზეო. აქ უკვე პრინციპულ დაპირისპირებაში მოვდივართ იმ შეხედულებასთან, რასაც ეროვნული ბანკი აჩენს.
ჩვენ ქვეყანაში ინფლაცის მაჩვენებელი არის არაადეკვატური. ის რომელი მეთოდოლოგიითაც იანგარიშება, არაადეკვატურია, რადგან ძალიან შემცირებულია კვებითი პროდუქტების ხვედრითი წილი, ის სულ ცოტა 15-20 პროცენტული პუნქტით არის გასაზრდელი. ეს მეთოდოლოგია ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს შეიცვალა, მაშინ ხელოვნურად დაწიეს კვებითი პროდუქტების ხვედრითი წილი სამომხმარებლო კალათაში, იმის შემდეგ ეს ასე ჩნდება. რაც გაუგებარია, ახსნადი არ არის. სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა რომ არ იცვლება უფრო პოლიტიკური ნების ამბავია, ვიდრე პორფესიონალიზმის.
ეროვნული ბანკი მართალია, პოლიტიკურ არასტაბილურობას ვერ დაარეგულირებს, მაგრამ შეუძლია გარკვეულწილად პროგნოზირებადი გახადოს ლარის კურსის შემდგომი ქცევა, შეამციროს რეფინანსირების სესხები, რადგან ამ შემთხვევაში ფულის მასა იზრდება და ეს ინფლაციაზეც აისახება. როცა ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია ვალუტის გაუფასურება უარყოფითად აისახება ფასებზე და სოციალურ მდგომარეობაზე. მთავარია სებ-მა მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს ლართან დაკავშირებით, რადგან ლარი ეროვნული ბანკის პირმშოა და სებ-ი ყოველთვის პასუხისმგებელი იყო, არის და იქნება ლარზე,“-განაცხადა პაპავამ.