მთავრობამ პარლამენტს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მეორედ წარუდგინა, თუმცა პროექტის ე.წ. გადამუშავებული ვარიანტი პირვანდელი ვერსიის იდენტურია.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, მთავრობა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაზე აქტიურად ახალარჩეულ პარლამენტთან ითანამშრომლებს.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის არჩევნების (მეორე ტურის გათვალისწინებით) საბოლოო შედეგები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში მეორე წარდგენის (5 ნოემბერი) ვადისთვის ვერ გამოცხადდება, მთავრობა მეორე წარდგენისათვის ბიუჯეტის პროექტს იმავე ვერსიით წარმოადგენს, როგორც ეს პირველი წარდგენისას განხორციელდა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ალბათობით დაირღვევა ბიუჯეტის პროექტის განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გადაცემიდან სამი დღის ვადაში კომიტეტებმა და ფრაქციებმა უნდა განიხილონ, ხოლო არაუგვიანეს 18 ნოემბრისა, განსახილველად პლენარულ სხდომაზე გავიდეს. როგორც მოსალოდნელია, საბიუჯეტო განხილვისთვის ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტი არ შეიკრიბება.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 30 ნოემბრისთვის წარუდგენს.