ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიონერი ექიმები აღნიშნულის მზადყოფნას გამოთქვამენ. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა პენსიონერ ექიმებს და მათ რესურსს სახელმწიფო აქტიურად იყენებს.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება და სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდან არის მზაობა, შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ - განაცხადა ტიკარაძემ.
მან მოსახლეობასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა პარტიას მოუწოდა, არ შეუწყონ ხელი იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ამასთანავე, ბოროტად არ გამოიყენონ ექიმების გმირობა, კეთილგანწყობა და ერის სიყვარული.
„მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას და ვთხოვო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც ებრძვის დღეს მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად ამ ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე ბოლო ადამიანის სიცოცოხლის გადარჩენისთვის იბრძოლებენ და ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობასა და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად. ძალიან მნიშვნელოვნად რჩება კვლავ საზოგადოების მზაობა და გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე, დღეს ეს გონიერება მეტად უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად,“- განაცხადა ტიკარაძემ.